გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

უცხოეთში მყოფი ქართველები სამშობლოში დაბრუნებას წმინდა მეფე თამარს შეავედრებენ

უცხოეთში მყოფი ქართველები სამშობლოში დაბრუნებას წმინდა მეფე თამარს შეავედრებენ

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევით უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის, მათ მეოხად და სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოდ შეიქმნა წმინდა მეფე თამარის ხატი. ხატის შექმნაში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ ევროპაში არსებულმა ყველა ქართულმა სამრევლომ. შეგროვდა შემოწირულობანი, რის საფუძველზეც ხატი ათონის წმინდა მთაზე, კარიესში, მთავარანგელოზის სენაკში დაწერა ბერმა პაისიმ. ასევე დამზადდა ხატისთვის საგანგებო ჩასაბრძანებელი.

ხატის წამოსაბრძანებლად ათონზე გაემგზავრნენ უცხოეთში მოღვაწე მოძღვრები _ არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი) და არქიმანდრიტი მოსე (ჭანკვეტაძე), თანმლებ პირებთან ერთად.
30 ოქტომბერს ხატი იტალიაში, ბარში ჩაასვენეს და წმინდა ნიკოლოზის საფლავზე დააბრძანეს, სადაც მამა ანტონმა და მამა მოსემ საზეიმო წირვა აღასრულეს. ღვთისმსახურებას ბარის სამრევლოს მრავალრიცხოვანი მრევლი დაესწრო.
მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, თავდაპირველად, ხატი დასავლეთ ევროპის ეპარქიას მოივლის და ყველა სამრევლოში თითო კვირას დაჰყოფს.
ბარის სამრევლოს შემდეგ ხატი რომში გადაბრძანდება, შემდეგ _ რომის მახლობლად მდებარე ქ.ფაბრიკა დი რომა, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს. იტალიიდან ხატს ესპანეთში გადააბრძანებენ _ კერძოდ, ბარსელონაში, არნედოსა და ვიტორიაში, შემდეგ გერმანიისა და ავსტრიის ქალაქებში _ მიუნხენში, ვენაში, დიუსელდორფში, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელი, საიდანაც საფრანგეთში გადაასვენებენ _ ჯერ სტრასბურგში, ბოლოს პარიზში _ წმინდა თამარ მეფის საკათედრო ტაძარში, რითაც ხატის მოგზაურობა ეპარქიაში დასრულდება. საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას აღასრულებს დასავლეთ ევროპის მმართველი, მიტროპოლიტი აბრაამი სამღვდელოებასთან ერთად. წმინდა მეფე თამარის ხატი პარიზის სამრევლოში კიდევ ერთი კვირა იქნება დაბრძანებული, რის შემდეგაც მას საქართველოში წამოაბრძანებენ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ, რომელთანაც უცხოეთში მყოფ ჩვენ თანამემამულეთა ოჯახის წევრები, აღავლენენ ლოცვას საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა სამშობლოში დაბრუნებისათვის.