გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ექსკლუზიური ინტერვიუ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, გაზეთ “prime time”_ში

ექსკლუზიური ინტერვიუ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, გაზეთ “prime time”_ში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს კიდევ უფრო მეტად აინტერესებთ საქართველოში მიმდინარე პროცესები. მათთვის თითოეულ ცვლილებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო ისეთს, რომელიც მათ ეხება. სწორედ ამიტომ სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ხშირ შეხვედრებს აწყობს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან და მათთან ერთად სწავლობს იმ პრობლემებს, რომლებიც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ. სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის განცხადებით, უწყება აქტიურად მუშაობს ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მისანიჭებელი პროცედურის კიდევ უფრო გამარტივებაზე, სამინისტრო შესაბამის უწყებებთან კონსულტაციებს აწარმოებს არალეგალების პრობლემების მოგვარების გზებზე. მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნების დიასპორულ ორგანიზაციებში პოლიტიკური დაპირისპირების ფაქტებსაც აქვს ადგილი. სწორედ ამიტომ გელა დუმბაძის მიზანია, ემიგრანტებმა უზარმაზარი ენერგია და ემოცია პროფესიულ სფეროში გადმოანაცვლონ და შექმნან ისეთი ფორუმი, სადაც პროფესიული ნიშნით სერიოზული საკითხების ირგვლივ მსჯელობა და გამოცდილების გაცვლა მოხდება…

გელა დუმბაძე:

– იმ პერიოდიდან, რაც მე მინისტრი გავხდი, ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიება იყო გასულ წელს, 12-დან 18 ოქტომბრამდე, დიასპორული კვირეულის ჩატარება, სადაც ჩვენ პირველად შევეცადეთ, ძირითადი აქცენტი ისეთ თემაზე გადაგვეტანა, როგორიცაა დიასპორული ინვესტიციები. სასტუმრო „მეტეხში“ მოვაწყვეთ პირველი დიდი დიასპორული ეკონომიკური ფორუმი. გაიმართა ორი დამოუკიდებელი კონფერენცია, რომელთა ძირითადი თემაც გახლდათ დიასპორული ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხები. ევროპის ქვეყნებიდან მოვიწვიეთ წარმატებული ბიზნესმენები, რომლებმაც განახორციელეს მცირე და საშუალო დიასპორული საინვესტიციო პროექტები სოფლის მეურნეობასა და სხვა დარგებში და, შესაბამისად, აქ დავახვედრეთ ფერმერული წრეების წარმომადგენლები, ეკონომიკურ თემაზე მომუშავე სპეციალისტები რეგიონებიდან და იყო ძალიან საინტერესო აზრთა ურთიერთგაცვლა, რომელმაც შემდგომშიც ჰპოვა განვითარება. ამ ფორუმის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ USAID-თან თანამშრომლობის მემორანდუმს. ზოგადად, ფორუმი მოეწყო საერთაშორისო დიასპორულ ალიანსთან ერთად, რომლის წევრიც აგვისტოში გავხდით. ეს ორგანიზაცია ჰილარი კლინტონის მიერაა დაარსებული. მოცემულ ეტაპზე ვაგრძელებთ დიალოგს და ლაპარაკია სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებაზე. ჩვენ ეს ხალხი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში თავის პარტნიორად მოგვიაზრებს. შესაბამისად, ასეთ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ჩართულობა, თანამშრომლობა აამაღლებს ჩვენი დიასპორების ჩართულობის ხარისხს გლობალურ პროცესებში, თუნდაც აშშ-ში და სხვა ქვეყნებშიც, რადგან ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, ახალი მექანიზმები და სამუშაო ფორმები შევთავაზოთ ჩვენს დიასპორებს. მინდა გითხრათ, რომ დიასპორული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა 1924 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილი 2 კონფერენცია ჭიათურასა და თბილისში, ასევე- უკრაინის სოლიდარობისადმი მიძღვნილი დიასპორული მარათონი ჩვენი ფერეიდნელი და ჰერეთელი თანამემამულეების მონაწილეობით.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დიასპორული ორგანიზაციები მრავლად არიან მსოფლიოში წარმოდგენილი. ამ ჯგუფებს შორის, ზოგიერთ ქვეყანაში  სამწუხაროდ შეინიშნება პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება. ჩვენ გვინდა, რომ მათი უზარმაზარი ენერგია და ემოცია პროფესიულ სფეროში გადმოვიტანოთ და მოვაწყოთ ფორუმები, სადაც სამუშაო სექციებში პროფესიების მიხედვით დანაწილდებიან და ბევრ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები, ინჟინრები, რომლებმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, ისინი საქართველოში შეხვდებიან მათივე პროფესიის ადამიანებს და მათ გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. გვინდა, ამ ენერგიის აკუმულირება პროფესიონალურ სეგმენტებში მოვახდინოთ და ჩამოსულ თანამემამულეებთან ცოცხალი, აქტიური დიალოგი გაიმართოს.

– საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა ზუსტი რიცხვი თქვენთვის ცნობილია? რაოდენობასთან დაკავშირებით ყოველთვის პრობლემა იყო…

– უცხოეთში მცხოვრები ქართველების ზუსტი ციფრი, სამწუხაროდ, არ არსებობს. ზუსტი ციფრის დადგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ სხვა ქვეყანაში ჩასული მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე დადგება. როგორც მოგეხსენებათ, ახლა იგეგმება საყოველთაო აღწერა, რის შედეგადაც უფრო ფართო სურათი გამოიკვეთება. მანამდე კი არსებობს მიახლოებითი რიცხვი და ეს არის 1 500 000 ადამიანი.

– ქვეყნიდან არალეგალურად გასულ მოქალაქეთა პრობლემა ყოველთვის ნომერ პირველი იყო, რა სიტუაციაა ახლა ,ამ მხრივ?

– ეს პრობლემა არსებობს და არა მხოლოდ საქართველოსთვის, ეს არის მსოფლიო პრობლემა. ვცდილობთ, შევისწავლოთ პროგრესულ ქვეყანათა გამოცდილება ამ საკითხში. ზოგადად, არალეგალების პრობლემა მხოლოდ ჩვენი სამინისტროს კომპეტენცია არ არის.

– ერთობლივ გეგმაზე ხომ არ მუშაობთ იმ უწყებებთან ერთად, რომლებსაც ასევე ეხებათ ეს პრობლემა?

– ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს ამ თემაზე.  შემიძლია გითხრათ, რომ აქტიურად ვიმუშავეთ სხვადასხვა უწყებებთან, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხს. ამ საკითხის გლობალურად შესწავლისთვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის  სამინისტროებისა და  უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები დავსხედით და თემა სერიოზულად შევისწავლეთ. შედეგად, ჩვენ ამ იდეის ინიციატორებს შევთავაზებთ დროსა და თანხებში მაქსიმალურად შემცირებულ, გამარტივებულ მოდელებს, რათა მაქსიმალურად მარტივად განხორციელდეს მათთვის საქართველოს მოქალაქეების აღდგენა. ბოლო წლების განმავლობაში, ვინც მოქალაქეობის აღდგენა ითხოვა, 90%-მა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აღიდგინა მოქალაქეობა. არ მინდა ქვეყანაში იყოს  მცდარი წარმოდგენები, თითქოს ვინმე მოქალაქეობას კარგავს, ეს არ არის სწორი. ადამიანებს შეუძლიათ მყისიერად, კომპიუტერის მეშვეობით, ინსტანციებში მისვლის გარეშე, იმწამსვე განაცხადონ სურვილი საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ. მათი განაცხადი შესაძლო გამარტივებამდე არსებული წესით, 3 თვის განმავლობაში განიხილება და ის დაიბრუნებს  მოქალაქეობას, თუ მას რაიმე მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა არ გააჩნია.

– რამდენად კარგად იცნობთ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებს და რამდენად განსხვავდება სხვადასხვა  ქვეყნების პრობლემები ერთმანეთისგან?

– აბსოლუტურად განსხვავებული პრობლემებია. არის ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურად გაცილებით მაღლა დგანან საქართველოსთან შედარებით, ასეთ ქვეყნებში წამოწეული არ არის მატერიალური პრობლემები, სამაგიეროდ არის კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ თვითმყოფადობა, ენა შევუნარჩუნოთ.  ვაგზავნით სახელმძღვანელოებს, მეთოდურ ლიტერატურას, მხატვრულ ლიტერატურას, ვეხმარებით ანსამბლებს, ასევე, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩვენი თანამემამულეების ჩართულობის უზრუნველყოფა. მრავალი პრობლემაა, რომელსაც ვსწავლობთ და თემატურ სეგმენტაციას ვახდენთ.

– არალეგალები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემაა… არსებობს მონაცემები, რომელ ქვეყანაში უფრო მეტი არალეგალი ცხოვრობს?

– არა, ასეთ ციფრს ვერ მოგახსენებთ, თუ სად უფრო მეტნი არიან. ალბათ, უფრო ევროკავშირსა და აშშ-ში.

– ყოველთვის იყო და არის საუბარი, რომ  ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებთან აქტიურობენ, რომ ახალი ხელისუფლების იმიჯი შებღალონ. ამ მხრივ, თქვენ თუ გრძნობთ რაიმე პრობლემას?

– ყოველ  შემთხვევაში იმ ქვეყნებში, სადაც მე გახლდით, მსგავსი პრობლემა არ მიგრძნია. უახლოეს მომავალში ვგეგმავ უკრაინაში ჩასვლას, აუცილებლად მინდა ჩასვლა ფერეიდანში, რომ ვნახო ჩვენი ფერეიდნელი ქართველები, ვგეგმავ ვიზიტს აშშ-ში. ზოგადად, ყველა პარტია სათავისოდ იყენებს იმ თემებს, რაც  სათანადო დონეზე ვერ მოაგვარა ხელისუფლებამ. თუმცა მიმაჩნია, რომ ყველა ქართველთან, საქართველოს ყველა მოქალაქესთან უნდა არსებობდეს გულწრფელი და მართალი დიალოგი, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ ადგილებზე ჩასვლთა და ასევე ჩვენი ციფრული კომუნიკაციების მეშვეობით, როგორიცაა ჩვენი ვებ-გვერდი „ფეისბუკი“, დიასპორული ქსელი tanamemamule.ge და ბევრი სხვა რამ.

– კიდევ ერთი, რაზეც ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის ხდება ხოლმე აპელირება, არის ის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ძალიან ბევრი ქართველი გავიდა და არ დაბრუნდა ქვეყანაში, ეს რეალობასთან ახლოსაა?

– ვფიქრობ, განსაკუთრებული ტალღა ან მოძრაობა არ ყოფილა. მითუმეტეს, შეიძლება დღევანდელ ხელისუფლებას ბევრი რამ დასწამოს ოპონენტმა, მაგრამ ქვეყანაში არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ვინმე აქედან ჩემოდნებით გარბოდეს. გასულ წლებთან შედარებით, აშკარად თავისუფალი გარემოა, ადამიანებს აღარ ეშინიათ, შესაბამისად, ხსენებული ხედვა სიმართლეს არ შეესაბამება. ცალკე თემაა, რაოდენ შესრულდა ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებები, – რაც დროს მოითხოვს. ქვეყანაში ორი ძირითადი ფუნდამენტური ფასეულობაა მიღწეული, – ეს არის თავისუფალი გარემო და ბიზნესზე წნეხის არარსებობა, რაც ფუნდამენტია ყველა ნორმალური საზოგადოების განვითარებისა, რასაც თავის მხრივ, გარკვეული დრო სჭირდება.

– მოსახლეობის მთავარი მოთხოვნები რაც არის, კარგად ვხედავთ და კარგად ვიცით. მათი მხრიდან იმ პრობლემების მოგვარების გარდა, რა მოთხოვნები არსებობს დიასპორებში ხელისუფლების მიმართ?

– მოდით, ასე ვთქვათ, ეს მოთხოვნები გარკვეულწილად იმ პრობლემებს უკავშირდება, რაც მათ ადგილზე აქვთ. ბევრი მოთხოვნაა, მაგრამ ყველაზე აქტუალური, ალბათ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დასაქმებაა. ადამიანი, რომელიც მოწყვეტილია სამშობლოს, წვალობს, და ეს იმიტომ ხდება, რომ აქ არ არის საკმარისი  სამუშაო ადგილი. მათ უნდათ, რომ აქ იყვნენ, არსებულთან შედარებით, აქ ნახევარი შემოსავალი მაინც თუ ექნათ, – ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან.

– ამ პროცესების დაწყების ნიშნებს ხედავთ?

– მუდმივი მოლოდინია… რამაც შეიძლება პროცესი დააჩქაროს. ეს არის გლობალური პრობლემატიკა, რაც ქვეყნის კეთილდღეობასთანაა დაკავშირებული და რაც ყველა ჩვენგანის გასაკეთებელია. ძალიან ბევრი ინდიკატორია, რომელიც ანიშნებთ, რომ მათ ქვეყანაში „დათბა“ და შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. შევქმნათ უკეთესი ეკონომიკური კლიმატი და ისინი დაბრუნდებიან.  ქვეყნის კეთილდღეობა ემიგრანტების დაბრუნების ძირითადი ინდიკატორია.  ამას განყენებულად ვერც ერთი სამინისტრო ვერ გააკეთებს, ეს არის ერთობლივად  ბიზნესის, ხელისუფლების, საზოგადოების ძირითადი მიზანი. ჩემთვის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლისათვის სასურველია, ეს ყველაფერი ჩვენმა გუნდმა გააკეთოს. თუ გუნდი დაპირებებს ვერ შეასრულებს, ის ჩანაცვლდება უფრო პროფესიული და მოაზროვნე გუნდით. ეს არის დინამიკური განვითარების პროცესი. უნდა ვიჩქაროთ, – ოღონდ ნელა.