გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ირანი

ირანი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართველები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, არაოფიციალური მონაცემებით 100 ათასამდე ქართველი ცხოვრობს. ისინი 1614-1617 წლებში შაჰ-აბასისი მიერ ირანში გადასახლებული ქართველების მე-18 თაობას წარმოადგენენ. მათი დიდი ნაწილი ცხოვრობს ისპაჰანის პროვინციაში, მათ შორის ძირითადი ნაწილი ქ. ფერეიდუნშაჰრში. ქართველთა მცირე ნაწილი ასევე ცხოვრობს ქ. თეირანში. ქართველები ასევე ცხოვრობენ მაზანდარანში, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საერთოდ არ იცის ქართული ენა. ირანის ქართველებს კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში, ძირითადად შენარჩუნებული აქვთ ქართული ენა. ირანში არ არსებობს ოფიციალურად რეგისტრირებული ქართველთა სათვისტომო.
ირანის ოთხ ქალაქში (თეირანი, ისპაჰანი, ფერეიდუნშაჰრი და ფულადშაჰრი) ქართველთა საინიციატივო ჯგუფებს გახსნილი აქვთ ქართული ენის შემსწავლელი კურსები. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 200-სს არ აღემატება. ირანულ საზოგადოებაში ქართველები საკმაოდ კარგად არიან ინტეგრირებულნი. ისინი მუშაობენ სახელმწიფო სტრუქტურებში, წარმოდგენილნი არიან ბიზნესსა და პოლიტიკაში. ირანის პარლამენტში არის ერთი ქართული წარმოშობის დეპუტატი – მოჰამედ ალი ესფანანი (ფანიაშვილი), რომელიც ფლობს ქართულ ენას. ის არჩეულია ისპაჰანის პროვინციიდან.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველებს საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვთ მათ ისტორიულ სამშობლოსთან – საქართველოსთან. მათ გარკვეულ ნაწილს როგორც საბჭოთა, ასევე დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში მიღებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა და ცხოვრობენ როგორც ქ. თბილისში, აგრეთვე საქართველოს რეგიონებში. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველები უცხოეთში ქართული ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნების სანიმუშო მაგალითს წარმოადგენენ, რომლებიც ამავე დროს ირანისა და საქართველოს ურთიერთობაში ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებენ.