გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართველები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონების ქართველები ამ რეგიონის უძველეს ავტოქტონ მოსახლეობას წარმოადგენს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ცხოვრობს 14 877 ქართველი, მათ შორის: ქ.ბაქოში – 2340, კახის რაიონში – 7450, ბელაქანის რაიონში – 1731, ზაქათალის რაიონში – 3071 და სხვა რეგიონში – 285. არაოფიციალური მონაცემებით კი აზერბაიჯანში მცხოვრები თანამემამულეების რაოდენობა გაცილებით მეტია.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს 6 ქართული სკოლა და 4 ქართულენოვანი სწავლების სექტორი, მათ შორის: კახის რაიონში – 6 სკოლა და 1-სექტორი, ბელაქანის რაიონის სოფ. ითითალაში 1 სექტორი, ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში – 1 სექტორი და ასევე ზაქათალის რაიონის სოფ. მოსულში -1 სექტორი. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ დაბა ალიაბადში არსებული სამი ქართულენოვანი სექტორიდან 2 გაუქმდა.
რეგიონში მოქმედებს ქართულენოვანი სკოლამდელი 7 დაწესებულება: კახის რაიონში – 6 და ბელაქანის რაიონში – 1.
1985 წლიდან კახის რაიონის სოფ.ალიბეგლოში ფუნქციონირებს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული თეატრი. მის რეპერტუარშია ქართველი და უცხოელი დრამატურგების ნაწარმოებები. 2005 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით, აღნიშნულ თეატრს მიენიჭა სახელმწიფო აკადემიური თეატრის სტატუსი.
კახის რაიონში მოქმედებს ქართული ხალხური სიმღერის ორი ანსამბლი: “ლაზარე” და ,,ჰერულა“. აგრეთვე ბავშვთა ქორეოგრაფიული და სიმღერების ჯგუფები.
რეგიონში ქართველები, ძირითადად, ცხოვრობენ შემდეგ სოფლებში: კახის რაიონი – კახინგილო, ქოთოქლო, ალიბეგლო, მეშაბაში, ალათემური; ზაქათალის რაიონი – მოსული და ალიაბადი; ბელაქანის რაიონი – ითითალა. ქართველები ასევე ცხოვრობენ სხვა სოფლებშიც.
კახის რაიონში 2001 წლიდან არსებობდა ქართული კულტურის ცენტრი, რომელიც 2009 წლის ოქტომბერში დაიწვა და ჯერ არ არის აღდგენილი.
კახის რაიონში არსებობს 2 ქართული მოქმედი ეკლესია: კახის წმინდა გიორგის სახელობის და ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიები. აღნიშნული ეკლესიები ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის შემადგენლობაშია.
კახის რაიონში არის აგრეთვე რამდენიმე ტაძარი, რომელიც არ მოქმედებს. ეს ეკლესიებია: ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, მეშაბაშის მთავარ ანგელოზის სახელობის, ქოთოქლოს სამებისა და კახის ალავერდის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიები. ასევე არსებობს რამდენიმე ეკლესიის ნანგრევი, რომელიც რესტავრაციასა და გადარჩენას საჭიროებს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქართული სათვისტომო დაფუძნდა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა 1999 წლის 2 აპრილს. სათვისტომო მოიცავს როგორც უშუალოდ ქ.ბაქოს, ასევე, კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონების მაცხოვრებლებს. აღსანიშნავია, რომ სათვისტომო ფაქტიურად არ ფუნქციონირებს. აზერბაიჯანში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელია რაფაელ ღვალაძე, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრია. სათვისტომოს ფილიალი კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში არ არსებობს.

ქართული სათვისტომო აზერბაიჯანში.
ხელმძღვანელი – რაფაელ ღვალაძე
სათვისტომოს საკონტაქტო ტელეფონები:
ქ.ბაქო – (99412) 492 53 18;