გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული დიასპორის მფარველი ღვთისმშობლის ხატის გადაცემა  

ქართული დიასპორის მფარველი ღვთისმშობლის ხატის გადაცემა  

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიას  ღვთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახი“ შესწირა. იგი სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით,  ქართული დიასპორის სახელზე, გასული წლის 14 ოქტომბერს – სვეტიცხოვლობას შეიძინეს.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2014 წლის 14 ოქტომბერს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით „გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში“ ქართული დიასპორის მხარდასაჭერად დიასპორული მარათონი გაიმართა, რომელმაც უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად სტარტი უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და სიმბოლურად, თავისუფლების მოედანზე დასრულდა, სადაც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა, საკუთარი სახსრებით შეძენილი ღვთისმშობლის ხატი გადასცეს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა  უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა, უკრაინელმა მეგობრებმა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს და გამოითქვა სურვილი, რომ დიასპორის სახელზე შეძენილი  ხატი შეწირული ყოფილიყო ეკლესიისთვის.

13:00 საათისთვის ტაძარში შეიკრიბნენ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გუბაზ სანიკიძე, თავმჯდომარის მოადგილე, შალვა კიკნაველიძე, კომიტეტის სხვა წარმომადგენლები, საქართველოში მყოფი დიასპორის წარმომადგენლები და სახელმწიფო მინისტრთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრები. ტაძარში მობრძანებულ სახელმწიფო მინისტრს, გელა დუმბაძეს, რომელსაც ხელთ ეპყრა ღვთისმშობლის ხატი, ტაძარში დახვდა ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე და სამღვდელოება. მამა მიქაელმა ხატის წინაშე შეასრულა ღვთისმშობლის პარაკლისი. პარაკლისში მედავითნის სახით მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა დავით ჩიკვაიძემ. პარაკლისის დასრულების შემდეგ ტაძრის წინამძღვარმა წარმოთქვა მცირე ქადაგება და დალოცა შეკრებილნი. აღსანიშნავია, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის პარაკლისის მიმდინარეობა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდის მეშვეობით.

ქაშვეთის ეკლესიაში დაბრძანებული ქართული დიასპორის მფარველი ღვთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახი“ ქართული დიასპორისთვისაა საგანგებოდ შეწირული.  უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და  სამშობლოში მაცხოვრებელ მათ ნათესავებს შეუძლიათ აღავლინონ ლოცვა მის წინაშე.