გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

19 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან არსებული საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ. მან საბჭოს წევრებს გააცნო ის მთავარი ღონისძიებები, რომლის განხორციელებასაც აპარატი მიმდინარე წელს გეგმავს.
სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საბჭოს მუშაობა წარიმართება გულწრფელი დიალოგის ფორმატში და ამ ფორმატის დახმარებით აპარატის ხედვები და სამოქმედო გეგმები შემოქმედებითად განვითარდება. სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის ბიბლიოთეკის შექმნაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელი გადასცა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომლის სახელითაც სხდომაზე მოწვეული იყო გენერალური დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაალ სარაჯიშვილმა მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბიბლიოთეკას თანადგომისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. საბჭოს წევრებისთვის გაიმართა დიასპორის ბიბლიოთეკის პრეზენტაცია. ზაალ სარაჯიშვილმა ისაუბრა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე.
საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს დარგობრივი ჯგუფების შექმნის სპეციფიკაზე და აღნიშნული ჯგუფების დასახელების სწორ ტერმინოლოგიაზე. აპარატის ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, დავით ჩიკვაიძემ საბჭოს წევრებს გააცნო ინიციატივა აპარატის საინფორმაციო-საკონსულტაციო ხაზის ამოქმედების თაობაზე. აპარატის თანამშრომელთა ატესტაციის შესახებ საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ, პაატა ნაცვლიშვილმა.