გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

თანამემამულე ექიმები

თანამემამულე ექიმები

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

27 მაისს, დიასპორის დღის აღსანიშნავად ორგანიზებული ღონისძიებები გაიხსნა პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმით „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“. ერთ-ერთი სამუშაო პანელი დაეთმო თანამემამულე ექიმების გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

ჯგუფის მოდერატორი იყო თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;
თანამოდერატორი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გია ლობჟანიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე.

პირველი მოხსენება დაეთმო ბავშვთა კარდიოქირურგიის პრობლემებს მსოფლიოში, მიღწევებს ამ დარგში და სამომავლო პერსპექტივებს. მოხსენება გააკეთა ბერლინში მოღვაწე ცნობილმა კარდიოქირურგმა, პროფესორმა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა – „ხელოვნური გული ბავშვებში“. მოხსენებისადმი და ქართველი ქირურგისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის ინტერესი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო კლინიკაში, რომლის გახნა მოხდება უახლოეს პერიოდში.

მეორე მოხსენება – „ათეროსკლეროზულ სისხლძარღვთა დაავადებების ეპიდემიოლოგია“ – წარმოადგინა პროფესორმა ისმეთ დინდარმა, თურქეთის რესპუბლიკაში მოღვაწე ჩვენმა თანამემამულემ, ცნობილმა კარდიოქირურგმა. პრეზენტაციის მიზანი ასევე იყო პროფესორ ისმეთ დინდარის მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დაანონსება, რამდენადაც მისი ძალისხმევით, ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის უნივერსიტეტში იხსნება სამედიცინო ფაკულტეტი, რომელსაც გარკვეულ პატრონაჟს გაუწევს სტამბულის კლინიკა, სადაც თავად მოღვაწეობს ჩვენი თანამამულე. ჯგუფის მუშაობის ფარგლებში, პროფესორმა დინდარმა გამოთქვა თსუ სამედიცინო ფაკულტეტთან თანამშრომლობის სურვილი.

მესამე მოხსენების სახით, პროფესორმა ზვიად ბახუტაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია – „კარდიოქირურგიის განვითარების ეტაპები“. მოხსენების მიზანი იყო არა მხოლოდ ამ სფეროში ქართველ პროფესიონალთა მიღწევების წარმოდგენა, არამედ სამომავლო პერსპექტივები.

მეოთხე მოხსენება წაიკითხა იტალიაში ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა ცნობილმა ქირურგმა, პროფესორმა ლევან ქარაზანიშვილმა- „მიტრალური სარქველის პლასტიკა მინითორაკოტომიული მიდგომით“. ეს განსაკუთრებული გამოცდილება და მისი გაზიარება კოლეგებისათვის, მეტად მნიშნველოვანი იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის, როგორც მაგალითი წარმატებული თანამემამულის სამშობლოში დაბრუნებისა.

მეხუთე ვიდეო პრეზენტაცია – „ტრანსპლანტოლოგიის პარაქტიკის შესახებ“ -წარმოადგინა საქართველოს ექიმთა ასოციაციამ, რამდენადაც ჩვენმა თანამემამულემ, პროფესორმა ედუარდ მათევოსიანმა ვერ მოახერხა თბილისში ჩამოსვლა აღნიშნულ რიცხვებში. აღსანიშნავია, რომ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედურად მათევოსიანი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკის წამყვანი ქირურგია, რომელიც უკვე ორი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს თსუ სამედიცინო ფაკულტეტთან და საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტთან, სადაც პერიოდულად ატარებს ლექციებს. 2013 წელს, მიუნხენში მოღვაწე ჩვენი თანამემამულის, ნანა მათიკაშვილის და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველის, თამარ გამილაღდიშვილის ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა პროფესორ მათევოსიანის ოფიციალური ვიზიტის ორგანიზება, რომლის შედეგად გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულებები ზემოთხსენებულ უნივერსიტეტებთან. ამ თანამშრომლობის გაგრძელების ერთ-ერთი დადასტურება გახლდათ მიუნხენიდან გამოგზავნილი მოხსენება, რომელმაც არა მარტო კოლეგების, არამედ მომავალი ექიმების დიდი ინტერესი გამოიწვია.

მეექვსე მოხსენება, რომელმაც განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია კოლეგებში, შეფასდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული პრეზენტაცია. საკუთარი გამოცდილება წარმოადგინა რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მრავალი საერთაშორისო რეგალიებით გამორჩეულმა პროფესორმა ალექსანდრე მაქაცარიამ – (მოსკოვი) – „თრომბოფილია ქალის ცხოვრებაში“. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ პროფესორმა მაქაცარიამ თსუ სამედიცინო ფაკულტეტს ჩამოუტანა და აჩუქა უნიკალური დარგობრივი ბიბლიოთეკა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც სპეციალისტებისათვის, ისე მომავალი კოლეგებისათვის. ბიბლიოთეკა შედგება სამეცნიერო ლიტერატურისაგან, რომელთა ავტორი ან თანაავტორია თავად ბატონი ალექსანდრე. ჩვენი სახელოვანი თანამემამულის გამოცდილება მრავალმხრივ საინტერესო და უნიკალურია, ხოლო მისი სურვილი – ითანამშრომლოს ქართველ კოლეგებთან და დაეხმაროს სამშობლოს საერთაშორისო კავშირების გაღრმავებაში – კიდევ ერთი სამაგალითო პრეცენდენტია უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე მედიკოსებისათვის.

მეშვიდე მოხსენება, რომელიც წარმოადგინა ცნობილმა რეპროდუქტოლოგმა, პროფესრომა არჩილ ხომასურიძემ – „რეპროდუქტოლოგია საქართველოში“ – განსაკუთრებით ემოციური და აქტუალური იყო იმ ფონზე, რომელიც დღესაა საქართველოში დემოგრაფიის და ქალის ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

მერვე მოხსენება დაეთმო პროფესორ გია ლობჟანიძეს – „პროფესიული ასოციაციის როლი ჯანდაცვის სისტემის განმტკიცებაში“. აღსანიშნავია ბატონი გია ლობჟანიძის როლი ამ ჯგუფის წარმატებული მუშაობისა და იმ თანამშრომლობის განვითარებაში, რასაც ემსახურებოდა ზოგადად ფორუმი და კერძოდ ამ პანელის მუშაობა. ყველა ზემოხსენებული თემები და მათი ავტორები რეალური რესურსია როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო კლინიკისათვის, ისე ზოგადად ჯანდაცვის სფეროსათვის საქართველოში. ჩვენი აპარატის მიზანი სწორედ ამ ურთიერთობების გაგრძელება და რეალური, პრაქტიკული შედეგების მოპოვებაა. ამ სამუშაო ჯგუფმა გულწრფელი, გამჭვირვალე და რეალურ შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობა წარმართა, ხოლო სამომავლო გეგმებისათვის უკვე ასახა მორიგი ფორუმისათვის აქტუალური თემები, როგორებიცაა ონკოლოგია, ტრამვატოლოგია და ა.შ.

მეცხრე მოხსენება დაეთმო ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ რგოლს ჯანდაცვის სისტემაში. მოწვეულმა სპეციალისტებმა, ქეთევან გარსევანიშვილმა და მაია ჯაშმა ისაუბრეს თემაზე „საექთნო საქმის პრობლემები საქართველოში“. ამ პრეზენტაციის ირგვლივ გამართულმა პოლემიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, მიუხედავად ბოლო წლებში გატარებული დიდი რეფორმებისა, კიდევ უფრო მეტი აქვს გასაკეთებელი, ხოლო უცხოეთში მოღვაწე ჩვენს წარმატებულ თანამემამულეებს უფრო და უფრო მეტი აქვთ გასაზიარებელი სამშობლოში მოღვაწე კოლეგებისათვის.

ქართულ სახელმწიფოს, განვითარების ამ ახალ ეტაპზე და ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, მრავალი ძველი და იმავდროულად ახალი გამოწვევა აქვს. ამ ხანგრძლივ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება ქართულ დიასპორას, მათ შორის იმ წარმატებულ თანამემამულეებს, რომლებიც მოღვაწეობენ წამყვან ევროპულ ქვეყნებში. ეს არა მარტო დიდი და პოტენციური ძალაა, არამედ სახელმწიფოს ერთგვარი ლობისტური ჯგუფია: ერთის მხრივ, საკუთარი რეპუტაციითა და კავშირებით, ხოლო მეორეს მხრივ იმ დიდი გამოცდილებით, რომლის გაზიარებით და საქართველოში „ტრანსფერით“ ჩვენი თანამემამულეები გარკვეულწილად ვალსაც კი იხდიან სამშობლოს წინაშე. ამდენად, კიდევ უფრო საამაყოა ის ხელშესახები შედეგები, რაც ამ კონკრეტული ჯგუფის მუშაობამ მოუტანა ფორუმს – „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“.

 

IMG_3642
IMG_3639
IMG_3631
IMG_3630
IMG_3629
08978
7456456