გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქველმოქმედო კონცერტი

საქველმოქმედო კონცერტი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

10 ივლისს ქართული დიასპორის წარმომადგენლის, ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერლის – ბექა გოგინაშვილის ინიციატივითა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც მიზნად ისახავდა ა.წ. 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას. კონსერვატორიის დარბაზსა და ფოიეში დაიდგა სპეციალური ყუთები შემოწირულობისათვის.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მოღვაწე ოპერის ახალგაზრდა მომღერლებმა: ბექა გოგინაშვილმა, ნინო ლაკვეხელიანმა, ლევან აბუთიძემ, ლევან მაკარიძემ, დავით გოგოლაშვილმა, ნატალია ქუთათელაძემ, ზურაბ იაშვილმა, აკაკი იოსელიანი, თათია ჯიბლაძემ, თეა სუბელიანმა, მარიამ როინიშვილმა, ნინო ჯაჭვაძემ, მერაბ სამყურაშვილმა და ზურაბ ანჯაფარიძემ.

მომღერლებს აკომპანიმენტს უწევდნენ პიანისტები: ნინა სტეფანიანი, ქეთევან ინანიშვილი, ლალი საბანაძე, ეთერ ბუხრაშვილი, თემურ ელიავა, მარინა მეტრეველი და მაია ფერაძე.

კონცერტი გახსნა საქართველოს სახალხო არტისტმა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტმა, სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა, ღირსების ორდენის კავალერმა ბატონმა ელდარ გეწაძემ, რომელმაც კონცერტზე მოსულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტა აქციის მიზანი და ხაზი გაუსვა საქართველოს ახალგაზრდობის მიერ ქვეყნისთვის მძიმე ჟამს გამოჩენილ ერთსულოვნებას.

კონცერტზე დამსწრე საზოგადოებამ შემოწირულობა გაიღო 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. კონცერტს დაესწრო და ქველმოქმედება განახორციელა “საქართველოს სამეფო სახლის” მეთაურმა ნუგზარ ბაგრატიონ–გრუზინსკიმ. კონცერტს აგრეთვე ესწრებოდნენ დინასტიის წარმომადგენლები. ბექა გოგინაშვილს გადაეცა “საქართველოს სამეფო სახლის” მადლობის სიგელი. კონცერტის მონაწილეებსა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიესალმება ახალგაზრდა საოპერო მომღერლების სამოქალაქო აქტიურობას და მადლობას უხდის ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აქციაში.