გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გლობალური დიასპორული კვირეული

გლობალური დიასპორული კვირეული

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2015 წლის 11–17 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, როგორც „საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსის” (IdEA) რეგიონული პარტნიორი, გლობალურ დიასპორულ კვირეულის ღონისძიებებს გამართავს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის რეგიონულ ქვეყნებში.
დიასპორული კვირეულის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქართული დიასპორის აქტიურ მონაწილეობას სამშობლოში მიმდინარე პროცესებში, დიასპორის, როგორც ფენომენის აღქმადობის გაძლიერებას, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას, მათი აქტივობების წარმოჩენას, თანამშრომლობის გაღრმავებას.
“გლობალური დიასპორული კვირეული 2015–ს” სულისკვეთებაა მსოფლიოში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა გლობალურ განვითარებაში შეტანილი წვლილის ხაზგასმა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დიასპორათა შორის ცოდნის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისა და მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

კვირეული მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომლის იდეათა ავტორებიც თავად დიასპორული და პარტნიორი ორგანიზაციები არიან. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სურვილია საყოველთაო ყურადღება გამახვილდეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობაზე, მათ ინიციატივებზე, იმ საკითხებზე, რომლებიც არსებითია სამშოლოსთან მათი კავშირების გასაძლიერებლად.

ყველა დაგეგმილი ღონისძიება რომელიც მიეძღვნება გლობალურ დიასპორულ კვირეულს მაქსიმალურად გაშუქდება როგორც ქართული, ისე უცხოური მედიასაშუალებებით, რათა ნათლად წარმოჩნდეს ქართული დიასპორის აქტივობები მსოფლიო მასშტაბით.
კვირეულის ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება რეგიონული დიასპორული ეკონომიკური ფორუმი. ასევე, ჩატარდება საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი ხელოვანების საქველმოქმედო კონცერტი; გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – “მიგრაციული პროცესები, საზღვრები და იდენტობათა ტრანსლაცია”; მოეწყობა კონკურსის – “დიასპორელი ახალგაზრდა ლიდერების განვითარება”, გამარჯვებულთა და საპატიო დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოება; გაიმართება პროექტ “მიგრანტების ამბების” ვიდეო–რგოლის პრეზენტაცია; მოეწყობა დიასპორელ ხელოვანთა ნახატების გამოფენა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის ღია ლექცია;
გლობალური დიასპორული კვირეულის მონაწილე დიასპორებისათვის მოეწყობა შემეცნებითი ტური კახეთში; ქ. სიღნაღში გაიმართება აზერბაიჯანის კახის რაიონის ალიბეგლოს სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი. მონაწილეები დაესწრებიან ღვინის ფესტივალს კახეთში.
ღონისძიებების ჩატარება იგეგმება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში, იქ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან და ახალგაზრდა დიასპორელ ლიდერებთან თანამშრომლობით.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი იწვევს  ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას და პირს, მიიღონ მონაწილეობა გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

 

„ჩვენ გვაძლიერებს ყოველი რაც გვაერთიანებს!“

გავერთიანდეთ, რათა ხელი შევუწყოთ გლობალურ განვითარებას და დიასპორათა გაძლიერებას.