გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორული ეკონომიკური რეგიონული ფორუმი

დიასპორული ეკონომიკური რეგიონული ფორუმი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2015 წლის 13 ოქტომბერს, თბილისში, “ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო ცენტრში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, რეგიონული დიასპორული ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. აპარატმა ღონისძიება როგორც „საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსის” (IdEA) რეგიონულმა პარტნიორმა, “გლობალური დიასპორული კვირეული 2015–ს” ფარგლებში ჩაატარა. იგი მიზნად ისახავდა დიასპორის ადამიანური და ფინანსური რესურსების მობილიზებას, დიასპორული ინვესტიციების მექანიზმების განვითარების გაძლიერებას წარმომშობ ქვეყანასა და რეგიონში ფინანსური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სამშობლოში მიმდინარე პროცესებში დიასპორის აქტიურ მონაწილეობას, უცხოური და დიასპორული ინვესტიციების მოზიდვას, ბიზნეს–პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, უცხოელი პარტნიორებისა და დიასპორის გამოცდილების გაზიარებას.
ფორუმში, სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, მონაწილეობდნენ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარტნიორობის ოფისის დირექტორი, ქ–ნი კონსტანს ციუმისი, Developing Markets Associates ხელმძღვანელი, ლეონ აიზეკი, Homestrings კომპანიის სტრატეგიული პარტნიორობისა და გეოგრაფიული გაფართოების ხელმძღვანელი, რუბელინ ალკანტარა, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრის მოადგილე, სტეფან პეტროსიანი, ისრაელი–საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე, ესპანეთის Cremades& Calvo-Sotelo Law Firm”-ის წარმოამდგენელი, რიკარდო კორტეს ლასტრა…
ფორუმის გახსნით ცერემონიას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე უძღვებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ფორუმის მიზნები, ის ფასეულობები და პრიორიტეტები განუმარტა, რაზეც ორიენტირებულია აპარატი. მან ისაუბრა იმ წამოწყებებზე, პროექტებზე და პარტნიორულ თანამშრომლობებზე, რომლის ირგვლივაც ფოკუსირებულია მისი და მისი აპარატის საქმიანობა, იმ ახალი რეალიების გათვალისწინებით, რაც დიასპორის მზარდი როლისა და მისი პოტენციალის გააზრებამ მოიტანა გლობალურ მსოფლიოში. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხებისადმი სწორედ ასეთმა მასშტაბურმა მიდგომამ, ამგვარმა ფორუმებმა, დიასპორის საკითხებზე მომუშავე მსოფლიოს ლიდერ ორგანიზაციებთან მჭიდრო პარტნიორობამ შეიძლება გაუღოს კარი დიასპორის წამოწყებებსა და ინიციატივებს და მოიტანოს დადებითი შედეგი, როგორც დიასპორებისთვის, ისე ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. მან განსაკუთრებით გამოყო სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმატებული თანამშრომლობა აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარტნიორობის ოფისთან, დიასპორის ჩართულობის საერთაშორისო ალიანსთან, მსოფლიო ბანკთან. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების შედეგებზე ორიენტირებულობას და მის განგრძობითობას.
ფორუმის მონაწილეებს, სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, მიესალმნენ საქართველოში აშშ–ს ახალი ელჩი, იან კელი და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ახალი დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონი, რომლებიც პირველად წარსდგნენ სიტყვით ქართული საზოგადოების წინაშე. მათ აღნიშნეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმატებული პარტნიორული ურთიერთობა მათ უწყებებთან, ისაუბრეს გლობალურ მსოფლიოში დიასპორის როლისა და მისი ჩართულობის მნიშვნელობაზე და ფორუმს წარმატება უსურვეს.
ფორუმის მსვლელობის დროს ხელი მოეწერა რამოდენიმე მემორანდუმს: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ბრიტანული კომპანიის – Developing Markets Associates DMA – შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ორ მხარეს შორის ქართული დიასპორისათვის ფინანსური საგანმანათებლო პროგრამების გაწერას, დიასპორული საინვესტიციო ფორუმის ორგანიზებას, წიგნის „დიასპორული საინვესტიციო მექანიზმები 2-ის” და დიასპორული საინვესტიციო პროექტების ერთობლივად შემუშავებას გულისხმობს; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის, რომლის მიზანია მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ქართული დიასპორის მაქსიმალური კონტრიბუცია და საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ჩართულობა; ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მონაწილეობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ტრენინგების დაგეგმვაში და აღნიშნულ ტრენინგებში ქართული დიასპორის აქტიური მონაწილეობა; ქართული დიასპორის წარჩინებული სტუდენტების ინტელექტის გამოყენება დარგის განვითარების პროცესში და საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოსთან (EUGBC). ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მუშაობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სარგებლის შესახებ, ისევე როგორც სხვადასხვა ეკონომიკური პროექტების თაობაზე მიგრანტი ქართველებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით; საქართველოდან ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მიგრანტი ქართველების ჩართულობის კუთხით. აგრეთვე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ საზღვარგარეთ EUGBC-ის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას იმ მიგრანტ ქართველთა შორის, რომლებიც შესაძლებელია დაინტერესებული იქნან მონაწილეობით; საქართველოდან იმ მიგრანტებზე ინფორმაციის შეგროვებას, რომლებიც დაინტერესებული არიან ინვესტირებითა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობით.
ფორუმის გახსნითი ცერემონიის შემდეგ გაიმართა წიგნის – „დიასპორული საინვესტიციო მექანიზმების” პრეზენტაცია. წიგნი ეძღვნება დიასპორულ საინვესტიციო მექანიზმებს, ფიანანსური ცოდნის ამაღლებას, შეიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნებში დიასპორული საინვესტიციო პროექტებისა და ფინანსური ინკლუზიის წარმატებულ პროექტებზე. მასში თავმოყრილია მასალები მიგრაციისა და საერთაშორისო ფულადი გზავნილების ვითარებაზე მსოფლიოს მასშტაბით, განხილულია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონები, აღწერილია ფულადი გზავნილების ეფექტები განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე. წიგნში აღნიშნულია სახელმწიფოების როლი დიასპორული ინვესტიციების და მეწარმეობის გაძლიერებაში, დიასპორული ინვესტიციების მოტივები. ამასთანავე, წიგნში თავმოყრილია ინფორმაცია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დიასპორის კაპიტალის პროექტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დაამყარა თანამშრომლობა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დიასპორულ კვლევით ცენტრთან და საშუალებას აძლევს ქართულ დიასპორას მონაწილეობა მიიღოს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დიასპორული კაპიტალური ინვესტიციის პროექტში, რომელიც ახორციელებს და ავრცელებს დიასპორული ინვესტიციებისა და მისი როლის შესახებ სწავლებას.
სპეციალურად ამ წიგნისთვის მსოფლიო ბანკმა შეიმუშავა დოკუმენტი ქართული დიასპორის რესურსების მობილიზაციაზე, რომელიც დამზადდა მსოფლიო ბანკის მიგრაციისა და ფულადი გზავნილების სამმართველოს მიერ, სადაც ფინანსურ საინვესტიციო ინსტრუმენტებში განხილულია საქართველოში დიასპორული ობლიგაციების, დეპოზიტების, ფულადი გზავნილებით გამყარებული ობლიგაციების განვითარების პერსპექტივები.
ფორუმის ფორმატი “სამუშო პანელებითა” და დისკუსიით გაგრძელდა. პირველ პანელზე – დიასპორის ფინანსური ინკლუზია და რევოლუციუირ ინიციატივები”, თავიანთი მოხსენებები წარმოადგინეს Developing Markets Associates ხელმძღვანელმა, ლეონ აიზეკმა, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარტნიორობის ოფისის დირექტორმა, კონსტანს ციუმისმა, ისრაელი–საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ, Homestrings კომპანიის სტრატეგიული პარტნიორობისა და გეოგრაფიული გაფართოების ხელმძღვანელმა, რუბელინ ალკანტარამ და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაიის მისიის ხელმძრვანელმა, ილიანა დერილოვამ. მათ თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს დიასპორის ფინანსურ ჩართულობას, დიასპორული ინვესტიციების როლს წარმომშობი ქვეყნისა და, ზოგადად, გლობალური განვითარების პროცესში.
ფორუმის მეორე პანელი სომხეთის დიასპორის გამოცდილებას მიეძღვნა. მასში სომხეთის დიასპორის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ფორუმის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს დიასპორასთან ურთიერთობებში. საუბარი შეეხო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დიასპორის როლის შესამჩნევ ზრდას, დიასპორის მხარდაჭერას სომხეთისთვის, როგორც ტრანზიტული ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის, სამშობლოსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებას, დიასპორის როლს დასავლეთთან სომხეთის დაკავშირებაში, ფულად გზავნილებს, სომხური დიასპორის მიერ დაარსებულ ფონდებს. ამ ფონდების მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა დიდი წვლილი შეიტანა სომხეთის მშპ-ს ზრდაში, და რაც მთავარია, სომხეთში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების დიდი პროცენტი დიასპორას ეკუთვნის.
ფორუმის მესამე პანელი საზღვარგარეთ დიასპორულ ბიზნეს–საბჭოებს და სამრეწველო პალატებს მიეძღვნა. მასში მონაწილეობდნენ როგორც უცხოელი ექსპერტები, ისე საზღვარგარეთ საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები. აღნიშნულ პანელზე ყურადღება გამახვილდა მათ როლზე საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მოძიების ხელშეწყობის ასპექტში, ქვეყნის პოპულარიზაციის, თანამშრომლობის გაღრმავების, უცხოელი ინვესტორებისათვის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული სექტორებისა და საინვესტიციო გარემოს გაცნობის მნიშვნელობაზე.
ფორუმის მეოთხე პანელი დიასპორელი ინვესტორებისათვის ფინასნურ ინსტრუმენტებს, შესაძლებლობის გზის მშენებლობას მიეძღვნა. პანელში მონაწილეობდნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ფინასთა სამინისტროს აკადემია, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. პანელზე გამოითქვა წინადადებები და მოსაზრებები დიასპორული ინვესტიციების წახალისებისა და ხელშეწყობის გზებზე და საშუალებებზე.
ფორუმის დასკვნით პანელზე საუბარი შეეხო დიასპორულ საინვესტიციო პროექტებს საქართველოში. მასში მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი მოსაზრებები და გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს როგორც საზღვარგარეთ მოღვაწე, ისე დაბრუნებულმა დიასპორის წარმომადგენლებმა, რომელთაც გამოხატეს სურვილი და ინტერესი სამშობლოში ბიზნესის წარმოებისა და ინვესტიციების დაბანდების მხრივ.
ფორუმის შეჯამებისას, სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისათვის, ხაზი გაუსვა ქვეყნისა და ქართული დიასპორის ერთიანობას და იმედი გამოთქვა, რომ რეგიონული დიასპორული ეკონომიკური ფორუმი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სამშობლოსა და დიასპორას შორის მჭიდრო საქმიანობისა და თანამშრომლობის გზაზე, რომ ფორუმზე წარმოდგენილი იდეები, მოსაზრებები, თანამშრომლობის პერსპექტივები პრაქტიკაში განხორციელდება და ფართო გამოხმაურებას ჰპოვებს სამომავლო ღონისძიებებში.