გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრის საახალწლო მილოცვა

სახელმწიფო მინისტრის საახალწლო მილოცვა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
ძვირფასო თანამემამულენო,
მიიწურა 2015 წელი, – წელი, რომელიც საქართველოსთვის სავსე იყო როგორც სირთულეებით, ისე – წარმატებებით. ქვეყანა მის წინაშე მდგარ, უაღრესად საპასუხისმგებლო გამოწვევებს გაუმკლავდა. ბევრს მივაღწიეთ დემოკრატიის, თავისუფლების მაღალი ხარისხისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. სწორედ დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებამ მიგვიყვანა ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამდე და ვიზა ლიბერალიზაციამდე. სულ რამოდენიმე თვეში ჩვენი მოქალაქეები, უვიზოდ შეძლებენ ევროპის მრავალ ქვეყანაში მოგზაურობას. ჩვენი უწყება, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთნ ერთად, აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში და ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი მოიტანა. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირთან ინტეგრაციის ამგვარი გაღრმავება, სასარგებლო და შედეგიანი იქნება დიასპორის წარმომადგენლებისთვისაც. მახარებს ის, რომ მიღწეული წარმატებები საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებსაც შეეხება.
დღეს საქართველოს ძლიერი და აქტიური დიასპორა ყავს. მათ უყვართ თავიანთი სამშობლო, ქართული კულტურა, ისტორია და ტრადიციები, რომელიც ჩვენი სიმდიდრეა. დიდ მადლობას ვუხდი ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს და სათვისტომოებს, თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, რომლებიც ამ სიმდიდრეს ასე უფრთხილდებიან, ეწევიან ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას და აცნობენ მას მსოფლიოს.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ წინ მრავალი პრობლემაა გადასალახი. ჩვენი სამომავლო მიზნები და ჩვენი ძალისხმევა დიასპორაზე ზრუნვას მოხმარდება. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ჩვენი აპარატის საქმიანობა, მომავალ წელს გაწერილი სამოქმედო გეგმა, მორგებული იყოს ჩვენი დიასპორის ინტერესებზე, მათ საჭიროებებზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში დიასპორის აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობის გათვალისწინებით.
ძვირფასო თანამემამულენო, დღეს ჩვენ ვხვდებით ახალ წელს ახალი იმედებით. მოდით, ვუსურვოთ ერთმანეთს ამ იმედების ასრულება, ერთიანობა, ერთმანეთზე მზრუნველობა, ჩვენი ქვეყნის ჭირისა და ლხინის გაზიარება. დაე, ამ ახალმა წელმა თქვენ და თქვენს ოჯახებს მშვიდობა, სიყვარული და კეთილდღეობა მოუტანოს!
გელა დუმბაძე