გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ჟიური ხალხური სიმღერის კონკურსის შედეგების შეჯამებას იწყებს

ჟიური ხალხური სიმღერის კონკურსის შედეგების შეჯამებას იწყებს

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

10 თებერვალს, დასრულდა კონკურსი, რომელიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამოაცხადა ქართული ხალხური სიმღერისა და საშობაო საგალობლის საუკეთესო შემსრულებლის გამოსავლენად.
იმავე დღეს კონკურსის ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური  სპეციალისტებით, სრული შემადგენლობით შეიკრიბა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, რათა დაეგეგმა შემდგომი საქმიანობა და განესაზღვრა სამუშაო რეგლამენტი.
ჟიურის წევრები მორიგ სამუშაო შეხვედრას 17 თებერვალს გამართავენ. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი უახლოეს დღეებში მოგაწვდით ინფორმაციას ჟიურის საქმიანობისა და კონკურსის შედეგების შესახებ.
გაცნობებთ, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ექვსმა ინდივიდუალურმა შემსრულებელმა და ოცდაცხრა მუსიკალურმა კოლექტივმა ასსამოცდაორი წევრის შემადგენლობით. მუსიკალური კოლექტივები, რიგ შემთხვევებში, ოჯახური ჯგუფების სახით არიან წარმოდგენილი; უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს უცხოელი მეგობრებიც, რომლებიც პროფესიულ თუ სამოყვარულო დონეზე გატაცებული არიან ქართული ხალხური სიმღერით; საკონკურსო  ნაწარმოებებს ისინი ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ან სრულიად დამოუკიდებლად ასრულებენ. კონკურსის მონაწილეთა შორის არიან პროფესიონალები და, ასევე, პატარები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იზრდებიან და ქართული ხალხური სიმღერის სიყვარული მშობლებისაგან იმემკვიდრეს.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გულითად მადლობას უხდის კონკურსის ყველა მონაწილეს გამოჩენილი ინტერესისა და ინიციატივისათვის და ულევ წარმატებას უსურვებს.
ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ ამ მიმართულებით საქმიანობას, რათა ქართული ფოლკლორული მუსიკის უამრავ მოყვარულს უცხოეთში მივცეთ საშუალება, ხმა მოაწვდინოს საქართველოს და საკუთარი შემოქმედება გააცნოს საზოგადოებას.