გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან

შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

17 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოჰანეს დუმას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი, ნინა მატიაშვილი და ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლელა შველიძე.
გელა დუმბაძემ იოჰანეს დუმას აპარატის ხედვა, მიზნები და ის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, რომელზე მუშაობაც აქტიურ ფაზაშია. მან ვრცლად ისაუბრა დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, რასაც აპარატი სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით ახორციელებს. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დიასპორასთან კავშირების გაღრმავებას, მათ სამშობლოში მიმდინარე პროცესებში ჩართვას და დიასპორის სამშობლოში ღირსეულ დაბრუნებას ეძღვნება; ისაუბრა საფრანგეთში მდებარე ლევილის მამულის დაბრუნებისა და ლევილის შატოს მომავალი ფუნქციონირების საკითხებზე.
ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან დიასპორის საკითხებზე ყურადღების კონცენტრირების გამო, აგრეთვე, იმ ძალისხმევის გამო, რასაც ქვეყანა საზღვარგარეთ არსებული ეროვნული სიმდიდრის შენარჩუნებისათვის იჩენს. მან აღნიშნა, რომ ამ მხრივ საქართველოს გამოცდილება საინტერესო და გასაზიარებელია.
სახელმწიფო მინისტრის უფროსმა მრჩეველმა, ნინა მატიაშვილმა ელჩს პრეზენტაციის სახით დიასპორასთან მიმართებით აპარატის კონკრეტული პროგრამები და პროექტები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა დიასპორის სპექტრზე, მათ პოტენციალზე და იმ ღონისძიებებზე, რომელთაც აპარატი ატარებს დიასპორის როლის ზრდისთვის ქვეყნის განვითარებაში, დიასპორული ინვესტიციების მექანიზმებზე და მათ როლზე, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ისე თავად დიასპორისათვის სარგებლის მოტანის თვალსაზრისით; სახელმწიფო მინისტრის უფროსმა მრჩეველმა ამ მიზნით აპარატის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე – ფორუმებსა და კონფერნციებზე გაამახვილა ყურადღება, ხაზი გაუსვა ისეთ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორიცაა დიასპორის ჩართულობის საერთაშორისო ალიანსი, მსოფლიო ბანკი და სხვა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებებით აპარატი ცდილობს ხელი შეუწყოს დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, მათი პოტენციალის, დაგროვილი ცოდნისა და მდიდარი გამოცდილების გამოყენებას ქვეყნის სასიკეთოდ.
ელჩმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს შინაარსიანი შეხვედრისთვის და აპარატის მიერ დაგეგმილ მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

IMG_3775
IMG_3787
IMG_3792
IMG_3800