გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კონკურსი „ქართული ხალხური სიმღერის და საშობაო საგალობლების საუკეთესო შესრულებისთვის“

კონკურსი „ქართული ხალხური სიმღერის და საშობაო საგალობლების საუკეთესო შესრულებისთვის“

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2015 წლის დეკემბერში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ქართული ფოლკლორული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, გამოაცხადა კონკურსი ქართული ხალხური სიმღერისა და საშობაო საგალობლების საუკეთესო შემსრულებლის გამოსავლენად, კონკურსში, რომელიც 10 თებერვალს დასრულდა, მონაწილეობა მიიღო ექვსმა ინდივიდუალურმა შემსრულებელმა და ოცდაათმა მუსიკალურმა კოლექტივმა ასსამოცდათორმეტი წევრის შემადგენლობით.

მუსიკალური კოლექტივები, რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილი იყო ოჯახური ჯგუფების სახით. კონკურსის მონაწილეთა შორის იყვნენ პროფესიონალები და, ასევე, პატარები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იზრდებიან და ქართული ხალხური სიმღერის სიყვარული მშობლებისაგან იმემკვიდრეს. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უცხოელმა მეგობრებმაც, რომლებიც პროფესიულ თუ სამოყვარულო დონეზე გატაცებული არიან ქართული ხალხური სიმღერით; საკონკურსოდ წარმოდგენილ ნაწარმოებებს უცხოელები ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ან სრულიად დამოუკიდებლად ასრულებდნენ.
10 თებერვალს, საკონკურსო ვადის დასრულებისთანავე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში სრული შემადგენლობით შეიკრიბა ჟიური, რათა დაეგეგმა შემდგომი საქმიანობა კონკურსის შედეგების შეჯამების მიზნით, განესაზღვრა სამუშაო რეგლამენტი და გამოევლინა კონკურსის გამარჯვებულები.

ჟიური დაკომპლექტებული იყო მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც ფლობდნენ სათანადო კომპეტენციას, ჯეროვნად შეეფასებინათ კონკურსის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების შესრულების ამსახველი ვიდეორგოლები.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:
გია ჭირაქაძე, „ქართული ხმების“ სოლისტი;
მალხაზ ერქვანიძე, ლოტბარი, ფოლკლორისტი;
დავით ცინცაძე – ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი;
მაია მიქაბერიძე, ანსამბლ „საგალობელის“ ხელმძღვანელი;
ლიდა კოპალეიშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

პირველი საკონკურსო ნომინაციის ფარგლებში, ჟიურიმ გამოავლინა „სოციალური ქსელის გამარჯვებული“ როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ შემსრულებელთაგან. გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდა მონაწილეთა მიმართ სოციალურ ქსელში გამოხატულ მოწონებათა („ლაიქების“) რაოდენობის მიხედვით.

ქართული ხალხური სიმღერისა და საშობაო საგალობლების საუკეთესო შემსრულებელთაგან „სოციალური ქსელის გამარჯვებული“ ინდივიდუალური მონაწილე გახდა 10 წლის ლევან ვანკო ნიდერლანდების სამეფოდან, ხოლო კოლექტიურ შემსრულებელთაგან „სოციალური ქსელის გამარჯვებულის“ წოდება მოიპოვა ჰერეთის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ჰერულამ“ (კახის რაიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა).

ჟიურიმ მორიგი სხდომები 17 და 18 თებერვალს გამართა; ჟიურის წევრთა მიერ გულდასმით იქნა შესწავლილი საკონკურსოდ წარმოდგენილი თითოეული ვიდეორგოლი, რომელთა შემსრულებლებსაც ინდივიდუალურად მიეცათ შეფასება.

ქართული ფოლკლორული მუსიკისა და საგალობლების ყველაზე ავთენტურ შემსრულებლად დასახელდა საფრანგეთში, ქ. პარიზში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლი „მარანი“, რომელსაც ჟიურის მიერ მიენიჭა ნომინაცია „ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების მაღალპროფესიული და ავთენტური შესრულებისთვის;” ასევე, ანსამბლი „მარანი“ დასახელდა როგორც „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რჩეული“ და მას სამინისტროს მიერ სპეციალური პრიზი გადაეცემა.

ანსამბლი „მარანი“, რომელშიც გაერთიანებული არიან ქართველი, ფრანგი, იაპონელი და ამერიკელი შემსრულებლები, კონკურსზე წარდგენილი იქნა ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელის, ჩვენი თანამემამულის – ბატონ ტარიელ ვაჩაძის მიერ.

ჟიურის გადაწყვეტილებით, „საუკეთესო ინდივიდუალურ შემსრულებლად ქალთა შორის“ ნომინირებული იქნა ქალბატონი მაია სიჭინავა ესპანეთის ქალაქ ბურგოსიდან.

აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში მოქმედ ქართულ კულტურის ცენტრ “Dancing Crane”-თან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი “ზეკარი” შეფასდა როგორც „მამაკაცთა საუკეთესო გუნდი“.

ვაჟთა ვოკალური ანსამბლი “ზეკარი” კონკურსზე წარდგენილი იქნა მისი წევრის, ჩვენი თანამემამულის – ბატონ დავით ჭკუასელის მიერ.

გერმანიის ქ. დიუსელდორფში მოქმედი ქართული ტრიო – „შემოქმედი“, „საშობაო ტროპარის“ შესრულებისათვის დასახელდა როგორც „საეკლესიო საგალობლების საუკეთესო შემსრულებელი“.

ქართული ტრიო – „შემოქმედი“ – კონკურსზე წარდგენილი იქნა მისი ხელმძღვანელის, ჩვენი თანამემამულის – ბექა ფერაძის მიერ.

„საუკეთესო გუნდური შესრულებისათვის“ ნომინირებული იქნა პოლონეთში, ქ. კრაკოვში მოქმედი ქართული ხალხური და სასულიერო მუსიკის შემსწავლელი გუნდი, რომელიც ქართული დიასპორული ორგანიზაციის – “ხიდი საქართველოსთან” – ბაზაზე ფუნქციონირებს.

კრაკოვის „ქართული ხალხური და სასულიერო მუსიკის შემსწავლელი გუნდი“, რომელიც უცხოელი (პოლონელი) შემსრულებლებით არის დაკომპლექტებული, კონკურსზე წარდგენილი იქნა ანსამბლის ხელმძღვანელის, ჩვენი თანამემამულის – ბატონ მირიან ხუხუნაიშვილის მიერ.

კანადაში, ქ. ტორონტოში მოქმედ ფოლკლორულ ანსამბლს – „ალილოს“ – მიენიჭა ნომინაცია „საუკეთესო საოჯახო ანსამბლი“.

ფოლკლორული ანსამბლი – „ალილო“კონკურსზე წარდგენილი იქნა მისი ხელმძღვანელის, ჩვენი თანამემამულის – ქალბატონ დიანა ირემაშვილის მიერ.

დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში მოქმედი ბავშვთა ვოკალური ანსამბლი – „მიქსდ მელოდის“ – ქართული საგალობლის – „ალილოს“ შესრულებისათვის შეფასდა როგორც „ბავშვთა საუკეთესო ანსამბლი“.

ბავშვთა ვოკალური ანსამბლი – „მიქსდ მელოდის“ კონკურსზე წარდგენილი იქნა მისი ხელმძღვანელის, ჩვენი თანამემამულის – ზეინაბ ლოფტუს-ნანობაშვილის მიერ.

ბატონ კარლ ლინიქი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ პოკიფსიდან (ნიუ იორკის შტატი) ჟიურის მიერ დასახელდა როგორ „ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების საუკეთესო უცხოელი ინდივიდუალური შემსრულებელი“.

კანადაში, ქ. ტორონტოში მოქმედ ანსამბლ „ზარს“, ჟიურის გადაწყვეტილებით, მიენიჭა ნომინაცია „საუკეთესო ტრიო უცხოელთა მონაწილეობით“. ანსამბლი „ზარი“, რომელშიც შემსულებელთან ერთად წარმოდგენილი არიან ამერიკელი მომღერლები, კონკურსზე წარდგენილი იქნა მისი ხელმძღვანელის, ჩვენი თანამემამულის – შალვა მახარაშვილის მიერ.

ქალბატონი რუსუდანა ბასარია ლატვიიდან, „აჭარული განდაგანას“ შესრულების ამსახველი ვიდეორგოლისათვის ჟიურის მიერ დასახელდა როგორც კონკურსის ყველაზე კრეატიული მონაწილე და მიენიჭა ნომინაცია „შემოქმედებითი მიდგომისათვის“.

სტრასბურგის წმიდა ქეთევან წამებულის ეკლესიასთან არსებულ ხალხური სიმღერებისა და საგალობლების შემსწავლელ ბავშვთა გუნდს – “სადარისს” მიენიჭა ნომინაცია „წარმატებული დებიუტისათვის“. ხალხური სიმღერების და საგალობლების შემსწავლელი ბავშვთა გუნდი კონკურსზე წარდგენილი იქნა მისი ხელმძღვანელის, ჩვენი თანამემამულის – ქალბატონ ლალი საყვარელიძის მიერ.

ჟიურის სპეციალური ნომინაცია – „მადლობა ქართული ფესვების შენარჩუნებისათვის უცხოეთში“ – მიენიჭა ინდივიდუალურ შემსრულებელს – საბინა ჭანტურიას შვედეთიდან და შემდეგ მუსიკალურ კოლექტივებს: ძმებს – გიორგი, ლევან და თემურ ვანკოებს ნიდერლანდების სამეფოდან, ნიუ იორკის ქართული კულტურის ცენტრის – “ფესვების” ბავშვთა ვოკალურ ანსამბლს ივანე გოდერძიშვილის ხელმძღვანელობით, სტოკჰოლმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სათვისტომოსთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ “ნერგებს” ქალბატონ ლელა კუხიანიძის ხელმძღვანელობითა და ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ “კავკასია”–სთან არსებულ “წმ. ნინოს სახელობის ქართული პოლიფონიური მუსიკის სტუდიის ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლს ბატონ მამუკა ინაძის ხელმძღვანელობით.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ნომინაცია – „ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის უცხოეთში“ – მიენიჭა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მოქმედ ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლ „ჰერულას“ ვასილ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიასთან არსებულ გუნდს – „აკაპელა – საქართველოს“ თეიმურაზ ჭოლაძის ხელმძღვანელობით, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ “კავკასიასთან“ არსებულ “წმ. ნინოს სახელობის ქართული პოლიფონიური მუსიკის სტუდიას ბატონ მამუკა ინაძის ხელმძღვანელობით, პარიზში მოქმედ ანსამბლს – “ქართული ჰარმონია” – ნანა ფერაძის ხელმძღვანელობით,  ფრანკფურტის წმ. ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლოს მგალობელთა გუნდი ქალბატონ ელიზავეტა აქუბარდიას ხელმძღვანელობით.

ჟიურიმ სპეციალური ნომინაცია – „ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლებისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ინტერესისა და მათი პოპულარიზაციისათვის“ – მიანიჭა მუსიკალურ კოლექტივებს უცხოელთა მონაწილეობით, როგორიცაა – „ლინიქების ტრიო“ და ანსამბლი “სუფრული” ბატონ კარლ ლინიქის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ლოსანჯელესის შემოქმედებითი კვარტეტი – „ქალები“ – ქალბატონ ლინი საბოლსკის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ანსამბლი „კვალი“ პეტრა ტორებჩის ხელმძღვანელობით ბრისტოლის ქართული სიმღერის გუნდი ენტონი ჯონსონის ხელმძღვანელობით დიდი ბრიტანეთიდან, ანსამბლი „ზარი“ შალვა მახარაშვილის ხელმძღვანელობით კანადიდან.

ჟიურის ინიციატივით, მახარაშვილების ოჯახს, „სვანური დიდებათასა“ და „მეგრული სატრფიალოს“ შესრულებისათვის სპეციალური ნომინაცია – „ჟიურის სიმპათია“ – მიენიჭა.

ჟიურიმ, ასევე, დიპლომით – „კონკურსში მონაწილეობისათვის“ – დააჯილდოვა ქალბატონი ეთერ ბოჭორიშვილი ესპანეთის ქალაქ კორდობადან, რომელმაც, ხალხური სიმღერისა და საგალობლის ნაცვლად, საკონკურსოდ წარმოადგინა მანანა მერაბიშვილის მიერ საკუთარი არანჟირებით შესრულებული „საშობაო საგალობელი“.

კონკურსის ჟიური და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გულითად მადლობას უხდის კონკურსის ყველა მონაწილეს გამოჩენილი ინტერესისა და ინიციატივისათვის და ულევ წარმატებას უსურვებს.

კონკურსის მონაწილეებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ გადაეცემათ სიგელები და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გეგმავს, მომავალშიც განაგრძოს ამ მიმართულებით საქმიანობა, რათა ქართული ფოლკლორული მუსიკის უამრავ მოყვარულს უცხოეთში მივცეთ საშუალება, ხმა მოაწვდინოს საქართველოს და საკუთარი შემოქმედება გააცნოს საზოგადოებას. კონკურსის ჟიური სრული შემადგენლობით უჭერს მხარს ჩვენს ინიციატივას და გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს შემდგომი კონკურსის ორგანიზებაში.