გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიგრაციისა და განვითრების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა

მიგრაციისა და განვითრების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
5 აპრილს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თავჯდომარეობით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიგრაციისა და განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ სამუშაო ჯგუფში ჩართული უწყებები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. საერთაშორისო ორგანზიაციები: GIZ; IOM; ICMPD; UNAG და მოწვეული სტუმრები. შეხვედრას ესწრებოდნენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ზაალ სარაჯიშვილი, სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი, ნინა მატიაშვილი, ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, თემურ ტარტარაშვილი, დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გამილაღდიშვილი, სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, გიორგი მერაბიშვილი, და აპარატის თანამშრომლები.
შეხვედრა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ჯგუფში მონაწილე უწყებებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მონაწილეობისათვის და დიასპორის, როგორც ზოგადი ფენომენისა და საზოგადოებაში დიასპორის არსის გაგების ამაღლებაზე ისაუბრა. გელა დუმბაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად ღონისძიებებზე, სამუშაო ფორმატებსა და მიმართულებებზე, რომლის ირგვლივაც აპარატი ახორციელებს დიასპორასთან მიმართებით თავის საქმიანობას, ისაუბრა ახალ პროგრამებსა და პროექტებზე დიასპორის პოტენციალის სამშობლოში მოსაზიდად. მან აღნიშნა სამთავრობო სტრუქტურებთან პარიტეტული თანამშრომლობის მნიშვნელობა, დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად. აგრეთვე, ისაუბრა ახალგაზრდა ელჩების პროგრამაზე, დიასპორის ინტელექტუალური რესურსისა და გამოცდილების გაზიარებისკენ მიმართულ აქტივობებზე. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო აპარატის მიერ ინიცირებული და საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ჰუმანური აქტის მნიშვნელობა, საზღვარგარეთ გარდაცვლილ თანამემამულეთა სამშობლოში ჩამოსვენებასთან დაკავშირებით.
მიგრაციისა და განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაალ სარაჯიშვილმა მოწვეულ სტუმრებს განსახილველ საკითხთა ნუსხა გააცნო, რომელიც შემდეგ საკითებს მოიცავდა: დიასპორელი ინვესტორის გზამკვლევი; დიასპორელი ბიზნეს მენტორები; საქართველოში მუდმივად დაბრუნებისას კუთვნილი ნივთების განბაჟება; ფინანსურ საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებელი მიზნობრივი ტრენინგ-პროგრამები; დიასპორისათვის საინვესტიციო პროექტებზე ხელმისაწვდომობა; დიასპორის ხედვა ვიზა-ლიბერალიზაციაზე; ქართველი დიასპორელი ექიმების საქველმოქმედო პროექტი (საბერძნეთი, იტალია); პენსია და სოციალური დაცვა (დაგროვილი პენსიის ტრანსფერი); საკვირაო სკოლებისთვის განათლების სტანდარტების შესაბამისობა; 27-28 მაისის ქართული დიასპორის დღეები და უწყებრივი თანამონაწილეობის საკითხები პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან.
სახელმწიფო მინისტრის უფროსმა მრჩეველმა, ნინა მატიაშვილმა ყურადღება გაამახვილა აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, ახალ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება და მიგრაციისა და განვითარების საკითხებს მოიცავს.
შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის გაიმართა დისკუსია, ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი და დიასპორის მიერ აღნიშნული საკითხის სწორად გასააზრებლად საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება; საქართველოში მუდმივად დაბრუნებისას კუთვნილი ნივთების განბაჟების, პენსიის, სოციალური დაცვის, განათლების აღიარების საკითხები.
გამოითქვა მოსაზრება თითოეული უწყებების პროფილური მიმართულებებისა და თემატიკური ჯგუფების შექმნის თაობაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს თითოეული უწყების აქტივობა, საკითხების ირგვლივ ხედვის ჩამოყალიბება და მოხდეს აზრთა გაცვლა, რათა ჩამოყალიბდეს საერთო პოლიტიკა და ერთიანი ხედვა დიასპორის კომპონენტის გათვალისწინებით.