ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, უცხოეთში მცხოვრებო ქართველებო,

            დიდხანს ვფიქრობდი, თუ როგორ მომემართა თქვენთვის,  როგორ გამომეხატა ჩემი გულწრფელი გრძნობები, როგორ მომეტანა თქვენამდე და გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი ნაფიქრალი, ის, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ იმ საქმიანობაში, რომელიც ქართულ დიასპორას უკავშირდება. ჩვენი მიზნების განხორციელება კი მხოლოდ თქვენთან ერთობით მეჩვენება შესაძლებლად. ალბათ ეს იყო იმის მიზეზი, რომ თქვენდამი ჩემმა მიმართვამ ერთგვარად დაიგვიანა.

თქვენ იცით, რომ ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბერს თავისი არჩევანი გააკეთა და, საბედნიეროდ, ხელისუფლება მშვიდობიანი, საპარლამენტო არჩევნების გზით შეიცვალა. კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად  ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით ცვლის პრეცედენტი შექმნა.  ამიერიდან საქართველოს ახალი ხელისუფლების  თითოეული მოქმედება მიმართული იქნება ქართველი ხალხის სასიკეთოდ, რომლის განუყოფელ და ღირსეულ ნაწილსაც თქვენ, ქართული დიასპორა წარმოადგენთ.

ჩემში დიდ გულისტკივილს იწვევს ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური პირობების გამო ჩვენი ქვეყანა ბევრმა ქართველმა დატოვა. საქართველოს ტერიტორიიდან გასული ჩვენი თანამემამულეების რაოდენობამ არაჯანსაღ ზღვარს მიაღწია, რამაც ქვეყანა დემოგრაფიული და ეკონომიკური საფრთხის ქვეშ დააყენა. იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, რომლებმაც საქართველო დატოვეს, შრომისუნარიანი, რეპროდუქტიული ასაკის მქონე მოსახლეობა იყო. დღეს მათი შვილები  უცხო ქვეყნებში და გარემოში იბადებიან და იზრდებიან. მაგრამ, ალბათ  დამერწმუნებით, რაც უნდა მომხიბლავი იყოს მათი კეთილდღეობა, სამშობლოს მათ ვერაფერი შეუცვლის. ჩემი გულისწუხილია, ეს თაობა ჩვენი ქვეყნისთვის დაკარგული თაობა არ აღმოჩნდეს. ერთად ვიფიქროთ ამაზე, ერთიანი ძალისხმევით  ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ეს შვილები სამშობლომ დაიბრუნოს. მაგრამ დაიბრუნოს ისე, რომ მათ სამშობლოში შეექმნათ ცხოვრებისა და კეთილდღეობის  პირობები, რომ მათ სამომავლოდ თავიანთი ოჯახების ღირსეულად რჩენა შეძლონ.

ახალი ხელისუფლების სურვილია ხალხთან ერთობით, მათ შორის ქართულ დიასპორასთან ერთად ააშენოს ისეთი საქართველო, სადაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ  საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების პირობები. დამეთანხმებით, რომ მხოლოდ დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულება, ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა, სამუშაო ადგილების შექმნა, სამეწარმეო საქმიანობისთვის ჯანსაღი გარემო თუ განაპირობებს ჩვენი თანამემამულეების  სამშობლოში ეტაპობრივ, ორგანიზებულ  დაბრუნებას და მათ სამშობლოსთან შემდგომ რეინტეგრაციას.

სამწუხაროდ, ბოლო არჩევნების პოლიტიკურმა პერიპეტიებმა და წინა ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნების სურვილმა, ხელისუფლებას ისეთი მოქმედებებისკენ უბიძგა, რამაც იგი ხალხს, მათ შორის ჩვენს თანამემამულეებს დააშორა. მინდა ჩვენმა დიასპორამ იგრძნოს, რომ ახალი ხელისუფლება ხალხის ნაწილია და რომ ის ზრუნავს მასზე. ჩვენ უნდა შევძლოთ ნდობის აღდგენა, ჩვენი მომავალი ურთიერთობებიც ამ ნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული.  მხოლოდ ურთიერთნდობით, ერთობით, ერთმანეთზე ზრუნვით შევძლებთ, ვაკეთოთ ქართული საქმე, რომელიც წარმატებული იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ჩემთვის განსაკუთრებული საზრუნავია ემიგრანტების ის ნაწილი, რომელიც ეკონომიკური, თუ სოციალური პრობლემების გამო სხვადასხვა ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება. ემიგრანტების ეს კატეგორია ყველაზე მეტად მგრძნობიარე და დაუცველია. ჩვენ გვესმის მათი მდგომარეობა და მიგვაჩნია, რომ სწორედ ისინი უნდა გახდნენ ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. გულსატკენია, როდესაც უყურებ, თუ როგორ არის დაცალკევებული ოჯახები. ხშირ შემთხვევაში მშობელი შვილს, და ძმას, ნათესავი ნათესავს წლების განმავლობაში ვერ ნახულობს. მათი ტკივილი ჩვენი სატკივარია. ჩვენ უნდა შევეცადოთ ამ ოჯახების სამშობლოსთან დაახლოებას. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა და დაფასება, რასაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში მოკლებული არიან. ჩვენ უნდა შევძლოთ მათი ნდობის მოპოვება, დავარწმუნოთ ისინი, რომ სახელმწიფო მხოლოდ მათი უფლებებისა და ინტერესების დამცველი იქნება და, ადგილსამყოფელ ქვეყნებში მათ სამართლებრივ მდგომარეობას არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს  მათ საზიანოდ.

ამ და ჩვენს თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებას ვფიქრობთ. ერთ–ერთი პროექტი იქნება თანამემამულეთა სოციალური ქსელის მოდერნიზაცია. თანამემამულეთა სოციალური ქსელი გაამარტივებს და იმავდროულად, ინტენსიურს გახდის დიასპორის კონტაქტებს სამშობლოსთან და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან. სოციალური ქსელი მოემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მივაწვდინოთ  ხმა ჩვენს თანამემამულეებს. ეს იქნება ერთგვარი პირადი გვერდი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეძლებს, კავშირი დაამყაროს ქართულ დიასპორასთან. ამასთან, სოციალურ ქსელში გაწევრიანება იქნება ნებაყოფლობითი  და არ იქნება რაიმე ვალდებულების შემცველი. სოციალური ქსელის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ჩვენი თანამემამულეებისათვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფა და ელექტრონული რეგისტრაცია.  ამავე დროს, თანამემამულეებს შეეძლებათ, მიიღონ ინფორმაცია მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებულ ქართულ სათვისტომოებზე, დაუკავშირდნენ იმავე ქალაქსა, თუ ქვეყანაში მცხოვრებ დიასპორებს.

ერთ–ერთი მიზანი იქნება აგრეთვე, საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების აღრიცხვა და მათთვის საჭირო მომსახურების მიწოდება, იქნება ეს ინფორმაციული, სოციალური, თუ სხვა სახის. თუ ჩვენ ვახდენთ ჩვენი მოსახლეობის აღრიცხვას ქვეყნის შიგნით, რა დააშავეს ჩვენმა თანამემამულეებმა, ისინიც ხომ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ნაწილია.  თანამემამულეთა აღრიცხვა მხოლოდ ერთ მიზანს მოემსახურება – ვიზრუნოთ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების უფლებების დაცვაზე და რაც მთავარია, მივცეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რომელსაც ახალი ხელისუფლება  მათ შეუქმნის.

მეტად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ ქართული დიასპორული ორგანიზაციების არსებობა. ჩვენი სურვილია, ისინი ისეთ ქმედითუნარიან სტრუქტურულ ორგანიზაციულ წარმონაქმნებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც  უნარი ექნებათ დაეხმარონ ჩვენს თანამემამულეებს  სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში, მისცენ მათ სათანადო რეკომენდაციები, გაუწიონ შესაბამისი დახმარება და კონსულტაცია. საზღვარგარეთ დიასპორული ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირება დიდად შეუწყობს ხელს ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებას.  ქართული სათვისტომოების, საკვირაო სკოლებისა და ქართული ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობის მიზნით ვაპირებთ სხვადასხვა პროექტების განხორციელებას; საკვირაო სკოლების წარმატებით ფუნქციონირებისათვის სურვილი გვაქვს, შეიქმნას სპეციალური წიგნები, ვიდეომასწავლებლები, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდეს დისტანციური სწავლების მეთოდიკის დანერგვა.

მნიშვნელოვანია აგრეთვე საზღვარგარეთ დიასპორული კერების, ,,ქართული სახლების’’ არსებობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები,  გამოფენები, იფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, მოხდება ქართული პროდუქციის წარმოდგენა და ადგილსამყოფელ ქვეყნებში მისი პოპულარიზაცია, ჩატარდება შეხვედრები და კონფერენციები, რაც მოემსახურება  საქართველოს საინვესტიციო გარემოს  გაცნობას და უცხოელ ინვესტორთა საქართველოში მოზიდვას.

ის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რესურსი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები თანამემამულეების სახით დაგროვდა, მათი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს წინაშე დასახული მიზნების  განხორციელებაში. მათი რჩევები და რეკომენდაციები საგულისხმო და ჩვენი ქვეყნისთვის მეტად ფასეული იქნება. 

თქვენ ყოველთვის თქვენი ქვეყნის სამსახურში იყავით, მუდმივად ზრუნავდით და ზრუნავთ თქვენი ქვეყნის მომავალზე. თქვენ შეგიძლიათ, დიდი როლი შეასრულოთ ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებაში, ხელი შეუწყოთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო კავშირებს, რამეთუ ქართული დიასპორა ხიდია თავის სამშობლოს და მასპინძელ ქვეყანას შორის, იგი თავისი ქვეყნის დესპანია.

დღეს, როდესაც ყველანი ჩვენი ქვეყნის ბედის განსაზღვრაში ვმონაწილეობთ, იმედი მაქვს, ახალი შესაძლებლობებისა და რეალობების გათვალისწინებით, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები ეცდებიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაში, მეცნიერები, თუ კულტურის დარგში მოღვაწე პროფესიონალები და სპეციალისტები ჩაერთვებიან ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის განვითარების საქმეში.

ამ მიმართვაში შევეცადე, გულწრფელად გამომეხატა თქვენდამი სითბო და სიყვარული, თქვენი საქმის დაფასება, ჩვენი ერთობის სურვილი, რათა ერთად ვაკეთოთ ქართული საქმე, ვაკეთოთ ისე, რომ ჩვენს მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს დავუტოვოთ ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველო. მჯერა, რომ ქართულ დიასპორას  ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა და როლი დაეკისრება.

 

კონსტანტინე სურგულაძე

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს

სახელმწიფო მინისტრი