ქართველთა წარმოშობა

ყოველი ერი, ყოველი ენა თავისთავად უდიდესი ღირებულებაა, მაგრამ, ამასთან, ძალზე ძნელია მსჯელობა ერების თუ კაცობრიობის წარმოშობის საკითხზე. ერი არ არის ადამიანთა მექანიკური ერთობა. ის, უპირველეს ყოვლისა, ცოცხალი ორგანიზმია. ზოგიერთნი ერისათვის აუცილებელ ატრიბუტებად მიიჩნევდნენ ენას, ტერიტორიას, სარწმუნოებას, ერთიან პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემას და ა.შ., მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ ეს ყოველივე სულაც არ არის საკმარისი ერის რაობის გასარკვევად. მაგალითად, ქართველები მინიმუმ ექვს ენაზე ვლაპარაკობთ (მეგრულად, სვანურად, წოვა თუშურად, ქართულად, ოსურად და აფხაზურად.), სამი რელიგიის მიმდევარნი ვართ (მართლმადიდებლობის, კათოლიციზმისა და ისლამისა), და მაინც ერთ ერს წარმოვადგენთ. როდესაც კათოლიკე ესპანურენოვანი არგენტინელი სხვა ერის შვილია და კათოლიკე ესპანურენოვანი ურუგვაელი კი სხვა ერისა, ებრაელები საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა სახელმწიფოებში სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკურ სისტემებში ცხოვრობდნენ, სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობდნენ (ივრითი, იდიში და ა.შ.), მაგრამ მაინც ებრაელებად რჩებოდნენ. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ზემოთქმული დასტურია იმისა, რომ ერი, უპირველეს ყოვლისა, ბოლომდე შეუცნობი, სულიერი ორგანიზმია, რომლის არსებობასაც ღვთის ნება და ის მისია განაპირობებს, რომელიც მას დაეკისრება. ერები, ისევე, როგორც ადამიანები, ოდესღაც იბადებიან და კვდებიან და ალბათ მათი მკვდრეთით აღდგომაც შესაძლებელია. ეპოქების მიხედვით ერის ფენომენზე, მის წარმოშობაზე სხვადასხვა აზრი არსებობდა, მაგრამ ამ აზრთა შორის დომინანტი იყო ღვთაებრიობის პრინციპი. ძველი ბერძნები თუ ლათინები თავიანთ წინაპრებად ოლიმპოელ ღმერთებს მიიჩნევდნენ. შუა საუკუნეებში ქრისტიანებიც და მუსლიმებიც თავიანთ წარმოშობას ბიბლიის პერსონაჟებს უკავშირებდნენ. XIX-XX საუკუნეებში ევროპული მეცნიერება შეეცადა უარეყო ერების წარმოშობის ღვთაებრიობის იდეა და, სანაცვლოდ, წინ წამოეწია სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები. მაგრამ ამაოდ. მხოლოდ სოციალურ და ეკონომიკურ მექანიზმებს როდი შესწევთ უნარი, შექმნან კულტურა. კულტურა სულიერების ნაყოფია და უარყო ერი, როგორც სულიერი ინდივიდი, ნიშნავს უარყო ეროვნული კულტურა. არადა, მსოფლიო ცივილიზაცია ეროვნულ კულტურათა ერთობლიობაა; ღმერთს რომ ეროვნული და ენობრივი ნიშნით არადიფერენცირებული სამყარო ნდომებოდა, მაშინ შვიდი ათასი წლის წინათ არ დაარღვევდა ბაბილონის გოდოლს. სწორედ ეროვნულ კულტურათა მრავალფეროვნებაა სამყაროს კაცობრიობის მშვენება და ღირსება. XX საუკუნის მიწურულის მეცნიერულმა აღმოჩენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბიბლიური ჭეშმარიტებანი. უილიამ რაინისა და უოლტერ პიტმენის გამოკვლევებმა დაადასტურეს წარღვნის რეალურობა. გენეტიკური კოდის გაშიფვრამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ადამიანები პირადი სურვილების მიუხედავად დამოკიდებულნი არიან ათასწლოვან გენეტიკურ მემკვიდრეობაზე. უმთავრესად ღვთის ნება და გენეტიკა განსაზღვრავს როგორც ინდივიდის, ისე ერის არსებობასა და მოღვაწეობას. ქართველი ერიც, მსგავსად სხვა ისტორიული ერებისა, გარკვეული გენეტიკური მემკვიდრეობის მატარებელია, ისიც ოდესღაც დაიბადა უძველესი ტომებისაგან.

ვინ იყვნენ ქართველთა წინაპრები? სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, მეტად მნიშვნელოვანია გავარკვიოთ - თუ ვინ არიან დღეს ჩვენი ნათესავები, რაც ნათელყოფს - სად უნდა ვეძებოთ ჩვენი წინაპრების განსახლების არეალი.

თანამედროვე ერებისა თუ ქვეყნების ისტორია "ბაბილონის" ეპოქიდან იწყება. ერი, როგორც ასეთი, თავისი განმარტებით, თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებაში დამკვიდრებული ცნებაა. წარსულში კი, ადამიანთა ტომობრივი გაერთიანების აღსანიშნავად შემდეგ ტერმინებს ხმარობდნენ: "მოდგმა", "ნათესავი". მაგალითად: "სემის მოდგმა", "ნათესავი ქართველთა" და ა. შ., ამასთან, არაერთი თანამედროვე ეთნიკურობის სახელი, თუნდაც მეთვრამეტე საუკუნეში რელიგიური კუთვნილების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. მაგალითად, "ქართველი" - ქართულენოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს ნიშნავს, "სომეხი" - მონოფიზიტს, "ბერძენი" - ზოგადად მართლმადიდებელს და, კერძოდ კი, ბერძნულენოვანი ეკლესიის წევრს, "ფრანგი" და "ჰრომი" - კათოლიკეს, "ურია" - იუდეველს.

სწორედ ამიტომ, უპრიანად მიგვაჩნია, ძველ ისტორიაზე მსჯელობისას, "ერის" ნაცვლად ვიხმაროთ ტერმინები "მოდგმა" და "ნათესავი".

ქართველთა მოდგმის ისტორიაც ბაბილონის გოდოლის ეპოქიდან იწყება. ბაბილონის გოდოლის შენება იყო აქტი, რომლის მიზანსაც კაცობრიობის ერთფეროვნების, უნიტარულობის შენარჩუნება წარმოადგენდა. არადა, უფლის ნება იყო, რომ ადამიანები, როგორც პიროვნულად, ისე ერების - "ნათესავების" სახით ინდივიდუალურნი, თვითმყოფადნი, თავისებურნი ყოფილიყვნენ. ამიტომაც ღმერთმა კაცობრიობას ენები აღურია და მათ ვეღარ გაუგეს ურთიერთს, შეწყვიტეს ფიზიკურად ერთად ყოფნის ნიშანსვეტის - გოდოლის შენება.

ერთი ნათესავი - ებერის მოდგმა, როგორც საეკლესიო გადმოცემა და წმიდა იოანე ოქროპირი გვაუწყებს, იმთავითვე, არ მონაწილეობდა გოდოლის შენებაში. და ეს ბუნებრივიცაა, როგორც წარღვნის ჟამს ნოე და ძენი მისნი, ასევე გოდოლის შენებისას სემის შთამომავალთა ერთი მოდგმა მაინც უეჭველი იცავდა "სამეუფო გზას". სამოთხის ბაღიდან ადამის გამოძევების შემდეგ ყოველთვის არსებობდნენ რჩეული ადამიანები, რომლებიც არ ივიწყებდნენ უფლის სიტყვას და უფლის მორჩილებად რჩებოდნენ. ასე იყო წარღვნისას, ასე იყო ეგვიპტის ტყვეობაში ყოფნისას, სინაზე ხეტიალისას (მოსე, იესო ნავეს ძე და სხვა), ბაბილონის ტყვეობის ჟამს (ეზეკიელი, დანიელი და სხვა), თუ თვით მაცხოვარის ჯვარცმის დროს (მოციქულები, სიდონისა და ელიოზის დედა...). ბაბილონის გოდოლის შენების დროსაც არსებობდნენ რჩეულნი, რომელთათვისაც ქამის შთამომავალ ნებროთიანთა ამპარტავნული ახირება უცხო და მიუღებელი იყო. ეს სწორედ ის მოდგმაა, რომელიც გოდოლის რღვევის შემდეგ კავკასია-შუამდინარეთიდან არ განუდევნია უფალს, სხვათა მსგავსად არ განუფანტავს. გოდოლის რღვევის შემდეგ, კავკასიასა და შუამდინარეთში მხოლოდ სემისა და ებერის შთამომავალნი დარჩნენ. ებერიელნი უკვე ამ საქციელით ინდივიდუალურ, თავისებურ, თვითმყოფადნი და ორიგინალურნი იყვნენ დანარჩენ კაცობრიობასთან შედარებით. ამასთან, თუკი კაცობრიული ნების გამომხატველი იყო ერთი ენა - წინა ბაბილონის გოდოლური და ერთი სახელმწიფო, ერთი პოლიტიკური ცენტრი - გოდოლი, ხოლო უფლის ნება კი მრავალენოვნებაში გამჟღავნდა, ცხადია, ებერიელებს იმთავითვე უფლის ნებით მქმედ მოდგმას, საოცარი ძალით ახასიათებდა მიდრეკილება მრავალენოვნებისაკენ და, თანაც, მათი ენობრივი ინდივიდუალიზმი, ვინაიდან, ნაყოფი იყო არა გოდოლის შენებით გამოწვეულ უფლის რისხვისა, არამედ გოდოლამდელი უფლის ნების შეგრძნება - შეგზნება - გათვითცნობიერების შედეგს წარმოადგენდა, ცხადია, რომ ებერიანთა დამოკიდებულება ზოგადად ენისადმი და, ამასთან, მათში სიტყვათწარმოებისა თუ ენათდიფერენციაციის პროცესი, ისევე, როგორც სხვა ენებთან თუ ენებზე რეაგირების მექანიზმები სრულიად ორიგინალური იყო და არ ემთხვეოდა, არც შეიძლება დამთხვეოდა, დანარჩენ, ნაგოდოლარ კაცობრიობაში არსებულ ლინგვისტურ კანონებს. თუკი "გოდოლურ" მოდგმებში ეროვნული ენა, როგორც ასეთი, მოდგმათა გამმიჯნავ უმთავრეს ბერკეტად იქცა, ებერიანებში, რომელნიც იმთავითვე, გოდოლამდე გაემიჯნენ დანარჩენ კაცობრიობას, ენას, ლექსიკას სულ სხვა დატვირთვა ენიჭებოდა. მათი ინდივიდუალიზმი სრულიადაც არ იყო დამოკიდებული ენისა თუ კაცობრიობის შემოქმედებითი პროცესის შედეგის - კულტურის გავლენაზე. ებერიანნი მარადიულ, ანტიგოდოლისტურ ინდივიდუალურ მუხტს ატარებდნენ. უფრო მეტიც, ხორციელ სამყაროში ისინი თავად იყვნენ ინდივიდუა-ლიზმის განსახიერება. ამიტომაც, ებერიანნი გაცილებით თავისუფლად, გნებავთ, ზედაპირულად ეკიდებოდნენ უცხო ენისა თუ კულტურის ფაქტორს. მათ არ ეშინოდათ უცხო ენათა ექსპანსიისა, რადგანაც არ არსებობდა ამქვეყნიური ფაქტორი, რომელიც ებერიანთა თვითმყოფადობას საფრთხეს შეუქმნიდა. მაგალითად, აბრაამამდე ებრაელები მეტყველებდნენ შუმერულად, შემდეგ ქანაანურ-ივრითულად, არამეულად, გერმანულად თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ენაზე, ისინი მაინც რჩებოდნენ სრულიად განსხვავებულ არსებად, რადგან მათში თვითმყოფადობა ენათა გაჩენამდელი იყო.

ერთი სიტყვით, ებერიანთა ანუ სემის ჭეშმარიტ შთამომავალთა ისტორიაზე, მსოფლმხედველობასა და კულტურაზე შეუძლებელია იმ ზოგადი საზომით მსჯელობა, რომელიც შეეფერება დანარჩენ კაცობრიობას - ადამიანთა უდიდეს ნაწილს. არ შეიძლება ებერიანთა ნათესაობისა თუ წარმოშობის კვალი კლასიკური და, მითუმეტეს, სტრუქტურული ლინგვისტიკის მექანიზმებით ვიკვლიოთ. შეუძლებელია ებერიანებს მივუსადაგოთ "ერის", "სახელმწიფოს", "ევოლუციის" და ა. შ. კლასიკურ პოლიტიკურ მეცნიერებაში დამკვიდრებულ ტერმინთა განმარტებები. ერთი სიტყვით, ებერიანებს ვერარას გავუგებთ კლასიკური, ზოგადსაკაცობრიო საზომით, რადგანაც ეს მოდგმა ამ საზომთა გაჩენამდე ფლობდა და განასახიერებდა სწორედ ამ საზომთა განმაპირობებელ და, ამასთან, მათი არსებობის თვითმიზნობრივ ღირებულებას - უფლის მიერ დაშვებულ და კურთხეულ ინდივიდუალიზმს, სხვათაგან გამორჩეულობას.

ვინ იყვნენ ებერის ანუ სემის ჭეშმარიტ შთამომავალთა ნათესავნი?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უპრიანია ნოეს შთამომავალთა გენეტიკური ტაბულების ანალიზი.

ნოეს შთამომავალთა გენეტიკური ტაბულების რამდენიმე ვარიანტს იცნობს მეცნიერება:

  • ძველი აღთქმის დაბადებისეული ვარიანტი;
  • "პირველი ნეშტთასეული";
  • იპოლიტე რომაელის (ორი რედაქცია) 234-235 წწ.;
  • ეპიფანე კვიპრელისეული 403 წ.;
  • ექვთიმე მთაწმინდელისეული X ს.

სწორედ ამ ტაბულათა შეჯერებით, არქეოლოგიურ თუ წერილობით მონაცემთა გათვალისწინებით შეიძლება განისაზღვროს და დადგინდეს ამა თუ იმ მოდგმის წარმომავლობა. ბიბლიურ ტაბულათაგან ყველაზე სრული პირველი ნეშტთას ტაბულაა:

სემის, იაფეტისა და ქამის შთამომავალთა სახელებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

სემის მოდგმა:

1) ელამი
2) აშური
3) არფაქშადი
4) ლუდი
5) არამი
6) მეშექი
7) ებერი
8) ქალები (ხალები)
9) ხური
10) მეშაყი
11) ხარანი
12) ური


იაფეტის მოდგმა:

13) გომერი
14) აშკენაზი
15) იავანი
16) ელიშა
17) თუბალი
18) მეშექი


ქამის მოდგმა:

19) აქადი
20) ფილისტიმელები
21) სიდონი
22) ამორეველები
23) ქანაანი
24) ხეთი

სამივე ტაბულაში სულ რამდენიმე ხალხის, ქვეყნისა თუ ქალაქის სახელია დაფიქსირებული, რომლებიც დღემდე არსებობენ ანდა რომელთა შესახებაც სარწმუნო წერილობითი წყაროები მოგვეპოვება:

1. ელამი - შუმერულად - ნიმ, ელამურად - ჰათანთი, ძველსპარსულად - "ჰუა. ეს მოდგმა თანამედროვე ირანის დასავლეთ ნაწილში სახლობდა და მეტყველებდა ენაზე, რომელიც ნათესაურ კავშირს მხოლოდ იბერიულ-კავკასიურ ენებთან ამჟღავნებს. ელამის სახელმწიფო ძვ. წთ. III ათასწლეულში წარმოიქმნა და ძვ. წთ. VI საუკუნემდე იარსება. მისი უმნიშვნელოვანესი ქალაქები იყო: სუსა (შუშენი) და ანშანი. ძვ. წ. 24-23 საუკუნეებში აქადში შედიოდა; ძვ. წთ. 21-ე საუკუნიდან კვლავ შუმერმა და აქადმა დაიპყრო. ძვ. წთ. მე-18 საუკუნეში, ბაბილონის ძლევამოსილების პერიოდში, როდესაც იქ ამორეველი ხამურაბი მეფობდა, ელამი დასუსტდა. აღმავლობას განიცდიდა 1165-1115 წლებში მეფე შილხაქინშუშინაქის დროს.

ძვ. წთ. მე-8 საუკუნეში სუსასა და ანშანის სამეფოებად იყო დაშლილი, ბაბილონთან ერთად ებრძოდა ასურეთს. 639 წელს ასურეთმა გაანადგურა. დაიპყრო მიდიამ და შემდეგ აქემენიდების იმპერიის ნაწილად იქცა, სადაც ელამური მოდგმა უდიდეს როლს თამაშობდა.

ელამური ენა არამეულთან და სპარსულთან ერთად აქემენიდების სპარსეთის ერთ-ერთი სახელმწიფო ენა იყო. სუსა იმპერიის ერთ-ერთ დედაქალაქს წარმოადგენდა. ელამის უმაღლეს მმართველს სუ ქალი ეწოდებოდა, დინასტია დედის ხაზით გრძელდებოდა. ელამში არსებული გვაროვნული სისტემა იბერიულ-კავკასიურის იდენტური იყო. ელამელების მონათესავენი იყვნენ კასიტები, ლულუბელები და ჩრდილოეთ ირანში მცხოვრები გუთიები (უტიები).

ძვ. წთ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში კასიტები ელამში შედიოდნენ. ძვ. წთ. 1741 წელს მათ განდაშის მეთაურობით უშედეგოდ ილაშქრეს მესოპოტამიაში. 1595 წელს დაიპყრეს ბაბილონი, დაამხეს ამორეველთა სამეფო დინასტია და იქ 1204 წლამდე ბატონობდნენ. 1174 წელს კასიტები ელამელებმა განდევნეს ბაბილონიდან. ძვ. წთ. VIII-VII საუკუნეებში ისინი არაერთგზის დალაშქრეს ასურელებმა, 324 წელს კი ელამელები ალექსანდრე მაკედონელმა გაანადგურა.

გუთიები - თანამედროვე ირანის, აზერბაიჯანისა და ქურთისტანის ტერიტორიაზე მცხოვრები იბერიულ-კავკასიური მოდგმის ტომი, რომელთაც ძვ. წთ. 2200 წელს მესოპოტამიაში დაამხეს ქამიტურ-აქადური დინასტია და ასი წლით გაბატონდნენ.

ქამიტი-აქადელების გავლენის ქვეშ მოქცეულ შუმერთა ნაწილი ვერ შეეგუა მომთაბარე გუთიების (უტიები) აღზევებას. ძვ. წთ. 2100 წელს გუთიები განდევნეს შუამდინარეთიდან. გუთიებს მიიჩნევენ თანამედროვე უტიების, უდების, კავკასიის ალბანელების უშუალო წინაპრებად. როგორც ჩანს, მათ დიდი როლი ითამაშეს ქურთების ეთნოგენეზშიც. ელამელების, კასიტებისა და გუთიების მონათესავე ტომი იყო ლულუბელები, რომელთა მეფე ანუბანინმაც ძვ. წთ. 23-ე საუკუნეში დაამარცხა აქადელები. ძვ. წთ. 828 წელს ლულუბელები დაიმორჩილა და მათი ცენტრალური ოლქი "ზამუას ქვეყანა" შეიერთა ასურეთმა. ლულუბელები ზაგროსის მთებში ბინადრობდნენ. ერთი სიტყვით, უძველესი დროიდან სემის შთამომავალ, იბერიულ-კავკასიურ ენათა მონათესავე ენებზე მეტყველ ელამელებს, კასიტებს, გუთიებსა და ლულუბელებს ეპყრათ თანამედროვე ირანის უდიდესი ნაწილი. ეს ტომები უდიდეს როლს თამაშობდნენ აქემენიდების ხანაშიც, მაგრამ, თანდათან, ინდოევროპელმა ირანულმა ტომებმა მათ თვითმყოფადი ენა დააკარგვინეს. როგორც ექვთიმე მთაწმინდელი წერს: "ამათ ყოველთა ნათესავთა არა თუ ყოველთა თვისი ენაი აქუს, არამედ მრავალნი ერთითა ენითა ზრახვენ". ამის მიზეზად, როგორც წმიდა ექვითმეს, ისე ეპიფანე კვიპრელს, ქამიტთა ექსპანსია მიაჩნია. იპოლიტე რომაელის ქრონიკის თანახმად, თანამედროვე სპარსული ენა ქამის ძე ფუტისაგან მომდინარე ენაა, მაგრამ რასაც ბიბლიის ტაბულა და იპოლიტ ელამს ეძახის, ექვთიმე მთაწმინდელი სპარსთა სახელით მოიხსენიებს, რადგანაც ცხადზე ცხადი იყო ოდესღაც იბერიულ-კავკასიურ ენოვანი, სემის ჭეშმარიტი შთამომავალ ელამელების უდიდესი გავლენა აქემენიდებისა თუ პართების პერიოდის ე. წ. ძველ სპარსულ კულტურაზე. უფრო მეტიც, სწორედ ელამელთა, კასიტთა, გუთიებისა თუ ლულუბელების გენოფონდი იქცა სახელოვანი სპარსეთის ძირითად წარმართველ ძალად. აკი, თვით ზარატუსტრაც, ავტორი "ავესტასი", წარმოშობით გუთიების ქვეყნიდან, თანამედროვე აზერბაიჯანიდან იყო.

2. აშური - ათურაი, სურაი, საკუთარი სახელი - ქალდაი.

დაარსდა ძვ. წთ. III ათასწლეულში, ჩრდილოეთ მესოპოტამიაში. ძვ. წთ. IV ათასწლეულში აქ ცხოვრობდნენ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შემავალი ხურიტები. ძვ. წთ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში ქამის შთამომავალ ამორეველებისა და აქადეველების შემოჭრის შედეგად დაიწყო ასურელთა ენის გაქამიტურება. დაიწყო ასურის (ქალდაის) "აქადიზაციის" პროცესი, რაც, დაახლოებით, ძვ. წთ. 2000 წელს დასრულდა.

ასურების უძველესი ქალაქი ნინევეა, საკუთარი სახელი ნინა (ნინუა) ძვ. წთ. XVIII საუკუნეში დაიმორჩილა ბაბილონის ამორეველმა მეფემ ხამურაბმა. ძვ. წთ. XVI-XV საუკუნეებში ასურეთი კვლავაც ხურიტულ-იბერიულ-კავკასიურ-ქალდურ მითანს დაუბრუნდა. ძვ. წთ. XI საუკუნეში ასურში შეიჭრნენ არამეელები, ასურეთის უძველესი მოსახლეობა.

როგორც ავღვნიშნეთ, ხურიტულ-იბერიულ-კავკასიურ-ქალდური მოდგმის განსახლების არეალი სხვადასხვა დროს მოიცავდა: კავკასიას, ზაგროსის მთებს (ირანი), მესოპოტამიას, სირიას, პალესტინას. ხური ნაწილია სუბარუსი (არაინდოევროპულ, არაქამიტურ ტომთა ერთობლიობისა). ხურიტების კულტურა პრაქტიკულად იდენტურია მტკვარ-არაქსის კულტურისა. ხურიტების უშუალო მემკვიდრეა ურარტუ, მანამდე კი, მითანისა და გუზანის სამეფოები, ამ უკანასკნელში ქამიტების შეჭრის შედეგად მოხდა მოსახლეობის ძველი ენის დაკარგვა - ენის გაარამეულება. თავად ტერმინი არამი - ხურიტულია, არამი ერქვა ურარტუს მეფეს ძვ. წთ. IX საუკუნეში. არამხუტუ მეგრულად ამირანს ნიშნავს. ხუტუ მომდინარეობს ხურიტულ-ურარტული მიწის ღვთაება ხუტიუნისაგან. ხურიტული გავლენა ერთობ ძლიერ იგრძნობა ქართველურ (მეგრულ-ქართულ) ენებში, ხურიტულ-ურარტულის უშუალო მემკვიდრეა თანამედროვე ჩეჩნური, ინგუშური და წოვა-თუშური ენები. ხურიტული ელმენტები მძლავრად იგრძნობა ძვ. წთ. IV ათასწლეულის ეგვიპტის "გერზეს კულტურაში", რომელი კულტურის მატარებლადაც სჩანან პირამიდის ამშენებელი, ქამიტ-ეგვიპტელთა მბრძანებელი ფარაონები და ქურუმები. "გერზეს კულტურის" ტომებმა შეიტანეს ძველ ეგვიპტეში ბრინჯაოს საიდუმლო.

ხურიტები იყვნენ ჰიქსოსებიც, რომლებიც ძვ. წთ. 1720 წელს ეგვიპტეში შეიჭრნენ და დააარსეს ახალი დედაქალაქი ავარისი (ნილოსის დელტა). ჰიქსოსი აღნიშნავს მწყემსთა მეფეს, იგივე უცხო ქვეყნის მბრძანებელს.

ჰიქსოსებმა შექმნეს პირველი, თავისებური, ანბანური დამწერლობა. ხურიტმა ჰიქსოსებმა შეიტანეს ეგვიპტეში ცხენი და ბორბლიანი ტრანსპორტი. მათი დინასტიები მბრძანებლობდა 1650-1550 წლებში. სწორედ ამ დროს შევიდა ეგვიპტეში იოსები, ძე იაკობისა (ისრაელის). ჰიქსოსების მთავარი ღვთაება იყო სეთი - ძმა და მტერი ოსირისისა. ისინი განდევნა თებეს მმართველმა იაჰმეს I-მა.

ხურიტული იყო მითანის სამეფო, რომელიც მდებარეობდა ჩრდილო მესოპოტამიაში, დედაქალაქი - ვაშუქანი. მითანი ჩამოყალიბდა ძვ. წთ. XVI საუკუნის მიწურულს. ხეთების მეფე სუფილულიუმმა აიღო ვაშუქანი და დაანგრია. მითანის მეფე თუშრათამ გაქცევით უშველა თავს, ამით ისარგებლა ასურეთის მმართველმა ასურუბალიტ I-მა და დაამარცხა მითანელები. ძვ. წთ. XIV საუკუნის მიწურულს მითანი ასურეთის გავლენის ქვეშ მოექცა. მოგვიანებით დაიწყო მითანელთა "ქამიტიზაცია", რის შედეგადაც ჩამოყალიბდა არამეელთა ეთნოსი. 1800-1650 წლებში ხურიტული იყო უძველესი ქალაქი ხარანი, სადაც ურიდან გადასახლდა აბრაამი და, სადაც ქორწინდებოდნენ ისააკი და იაკობი. ხურიტებისთვის დამახასიათებელი იყო იბერიულ-კავკასიური გვაროვნულ-მამასახლისური სისტემა. ხურიტულად მამასახლისი შემდეგნაირად წარმოითქმის - "ევრი", რაც "ივრის", "ებერის", "იბერის", "ივერიის" ასოციაციას იწვევს. რაც შეეხება ასურელთა საკუთარ სახელს - "ქალდაი" ამ ტერმინს სხვადასხვა დროს შემდეგი დატვირთვა ჰქონდა:
1. ქალდეას უწოდებს "ძველი აღთქმა" შუმერს;
2. ქალდე იყო ურარტუს წარმართული პანთეონის უპირ¬ველესი, მთვარის ღვთაება;
3. შუა საუკუნეებშიც კი ქალდებად მოიხსენიებდნენ ლაზებს უცხოელები, განსაკუთრებით ბერძნები;
4. ქალდეურს უწოდებდნენ ბაბილონის მმართველთა იმ დინასტიას, რომლის სამშობლოც ოდესღაც ხურიტული ქალაქი ხარანი იყო: ნაბუქოდონოსორს, ნაბონიდს, ბალთაზარს - ძვ. წთ. VII-VI საუკუნეებში;
5. ქალდეელებს უწოდებდნენ ძველ რომში ქურუმებსა და მისნებს;
6. დღემდე არსებობს ქედი სვანეთში სახელწოდებით ხალდე, ხალდე ჭალა და სხვ.
7. ანტიკური ხანის ხალიბთა (ლაზების) ქვეყნის პარალელური სახელწოდება იყო ხალდეა;
8. წმიდა ექვთიმე მთაწმინდელი სემის ძე არფაქშადის მოდგმას ქალდეელებად მოიხსენიებს.
შემთხვევითი არ არის პირველი ნეშტთას გენეალოგიურ ტაბულათა შორის შემდეგი ნუსხა:

ქალები (ხალები)

ხური მეშაყი ხარანი

ური

თანაც, ამ ნუსხაში ქალებ (ხალების) ერთ-ერთ ცოლად მოხსენიებულია ევფრათი.
ტერმინი ქალდაი დაკავშირებულია ხურიტულ, შუმერულ, ლაზურ, სვანურ, ურურტულ და ებრაულ სამყაროსთან.
როგორც აღვნიშნეთ, არქეოლოგიურ თუ ძველ წერილობით წყაროთა მონაცმებით, ასური, თავდაპირველად, იბერიულ-კავკასიურ მოდგმას ეკუთვნოდა. ასურის მთავარი ღვთაება იყო იშთარი ანუ შუმერულ-ურუქული ინანა - "ქალღმერთი მამა", როგორც მას მოიხსენიებს "ხამურაბის კანონები". ინანას საკრალური რიცხვია 12, ხოლო საკრალური ცხოველი - ძუ ლომი. სხვათაშორის, უძველესი ქართული მონეტის, კოლხური თეთრის განყოფელი ნიშანიც ძუ ლომი იყო. ქართველების წინაპრები, წარმართობის ხანაში უპირველეს ქალ-ღვთაებას ნანას ეძახდნენ. ნანა დღესაც დასავლეთ ქართულად დედას ნიშნავს.

3. არფაქშადი - "არფაქსად, რომლისაგან არიან ქალდეველნი" - ამბობს წმ. ექვთიმე მთაწმინდელი (X ს.). შუმერულ ქალაქ ურში, ანუ ქალდეველთა ურში იშვა აბრაამი... "ძველი აღთქმის" "დაბადებაში" შუმერს ქალდეველთა ქვეყანას ეძახიან. როგორც დიდი ორიენტალისტი მიხაკო წერეთელი წერს: "ქართველური ენების (ქართულის, ლაზურის და სვანურის) გენეტიკურად ნათესავი ენა შუმერული ენაა, მეტიც, შუმერული, ისევე როგორც ქართველური ენები, ერთი საერთო ძირიდან მოდიან.

რაც შეეხება აბრაამსა და ისრაელს, როდესაც ის ურში იშვა, ამ ქალაქში მხოლოდ შუმერები და ქამიტი ამორეველები სახლობდნენ. ბიბლია სწყევლის ამორეველთა მოდგმას. აბრაამიც, ოჯახითურთ, სწორედ ამორეველთა ექსპანსიას გაერიდა და თავდაპირველად ხურიტულ ხარანში დასახლდა, შემდეგ კი პალესტინა-ეგვიპტისაკენ გაეშურა, სადაც ძალაუფლება, ასევე იბერიულ-კავკასიურ-ხურიტულ ჰიქსოსებს ეპყრათ. ივრითი, ენა, რომელზეც შესრულებულია "ბიბლია", ამორევულის მონათესავე ქამიტურ-ქანაანური ენაა, არადა, ისრაელი გაურბის, არ უნათესავდება, ებრძვის და სწყევლის ქამის შთამომავალ ქანაანსა და ამორეველს. ეს გარემოება თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სემის შთამომავალი ისრაელისთვის ის ენა, რომელზეც "ბიბლია" დაიწერა, მხოლოდ და მხოლოდ ქამიტ ქანაანელებთან, ამორეველებთან და ეგვიპტელებთან ხანგრძლივად თანაცხოვრებით შეთვისებული ენა იყო, გენეტიკურად კი ებრაელები ურის ძირძველ, აბორიგენ მოსახლეობას - შუმერებს ეკუთვნოდნენ. სხვათაშორის, აბრაამის, ისააკისა და იაკობის შთამომავალთათვის სამეტყველო ენის ხშირი ცვლილება სრულიადაც არ იყო უცხო მოვლენა, ისევე, როგორც სემის შთამომავალ ელამელთა, კასიტთა, ხურიტთა თუ ასურელ-თათვის. ისრაელი, როდესაც არამეელთა გავლენის ქვეშ მოექცა, არამეულად დაიწყო მეტყველება. ქრისტესშობის ჟამს ებრაელობა არამეულენოვანი იყო. ებრაელები გადასახლების შემდეგ იმ ენებზე მეტყველებდნენ, სადაც უწევდათ ცხოვრება (მაგალითად, იდიში, უბრალოდ, გერმანულის დიალექტია). ებრაელების მსგავსად გადავიდნენ ხურიტები - არამეულზე, ელამელები - სპარსულზე, შუმერები კი აქადურსა თუ ამორევულზე.

4. ლუტი - ლუტის შთამომავალნი იპოლიტე რომაელის მიხედვით არიან "ლაზონნი" ანუ ლაზები (მეგრელები). მეგრელები-ლაზები სემის შთამომავლებად ჰყავთ მიჩნეული ეპიფანე კიპროსელსაც და ექვთიმე მთაწმინდელსაც, მეტიც, ეპიფანე თავის ნუსხაში სემის ძეთა შორის ლაზებს ორჯერ იხსენიებს.

ლაზები ქართული მოდგმაა. ლაზური ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს განეკუთვნება და ქართულთან ერთად ძველი ქალდეულის - შუმერულის გენეტიკურად მონათესავეა. უძველესი დროიდან მოყოლებული, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ლაზებს - ქალდებს - ხალდებს ეძახდნენ. თავდაპირველად მთლიანად ლაზურ-მეგრული ტომებით იყო დასახლებული საქართველოს ტერიტორია. კოლხაც და დიაუხიც ლაზური ქვეყნები იყო.

ლაზური ტომები განსახლებულნი იყვნენ შავი ზღვის სანაპიროზე, ყირიმიდან ტროამდე. ლაზურ-კოლხურ კულტურასთან გენეტიკურ კავშირს ამჟღავნებს იმ უძველეს ევროპელთა კულტურა, რომელიც ჯერ კიდევ ძვ. წთ. IV ათასწლეულიდან განსახლდნენ თანამედროვე საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ტერიტორიაზე. ამ ტომებს ხშირად "დასავლეთ იბერების", ლიგურების, პელაზგების, ეტრუსკების, პიქტების სახელით მოიხსენიებდნენ ანტიკური მოგზაურნი თუ მწერლები. სწორედ ლაზებს მოსტაცეს ძველმა ბერძნებმა ოქროს საწმისი და მედეა, ანუ საიდუმლო მეტალურგიისა და მედიცინისა. შესაძლოა, ეს მითი სიმბოლური ასახვაა იმ როლისა, რასაც ლაზი ქურუმები თუ ქალ-ქურუმები თამაშობდნენ ინდო-ევროპულ-ელინური კულტურის განვითარებაში.

ძვ. წთ. XIII საუკუნის მეორე ნახევარში ლაზონ-ალაძონნი გმირულად იბრძოდნენ ტროელებთან ერთად აქაველებისაგან ტროას დასაცავად. სხვათაშორის, თვით ელინიზირებულ პროტობერძენთა სახელი "აქაია" გენეტიკურ კავშირშია ლაზებთან: თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა ერთ-ერთი ქართველური ტომი, რომელიც აქაველად იწოდებოდა. ძვ. წთ. XII საუკუნეში ლაზეთში ჩამოსახლდნენ შარდინები, რომელთა ნაწილიც სარდინიაში დაემკვიდრა და შემდეგ გარკვეული როლი ითამაშა თანამედროვე იტალიელთა ეთნოგენეზში. შარდინებს ლაზეთში მოსვლამდე ურთიერთობა ჰქონდათ ეგვიპტესთანაც და როგორც ჩანს, ამის ანარეკლია ჰეროდოტეს ცნობა ეგვიპტელებისა და ლაზების ნათესაობის შესახებ. ლაზებისა და ხურიტების ნათესაობაზე მეტყველებს ამირანის მეგრული სახელის - არამ-ხუტუს ხურიტული წარმომავლობა, აგრეთვე, სხვა ლექსიკურ-ფონეტიკური თუ არქეოლოგიური მონაცემები.

ერთი სიტყვით, ლაზები - მეგრელები ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი კულტურის მქონე ქართველურ-იბერიული მოდგმაა. სწორედ ლაზმა ქალდებმა დაუდეს სათავე მსოფლიოში რკინის მეტალურგიას.

5. არამი - როგორც აღვნიშნეთ, უპირველესად სახელი "არამ" ხურიტულ, ურარტულ და ლაზურ-მეგრულ წყაროებში გვხვდება (არამი ერქვა ურარტუს მეფეს IX საუკუნის 50-იან წლებში ,არამ-ხუტუ ამირანის მეგრული სახელწოდებაა, მომდინარე ხურიტულ-ურარტულიდან).

არამეელებს, ანუ თანამედროვე აისორებს, ძვ. წთ. XIV საუკუნეში ახლამუს, ხოლო ძვ. წთ. XII საუკუნიდან არმაიეს სახელით მოიხსენიებდნენ. არამეელთა ენა პირველად ძვ. წთ. X-IX საუკუნეებიდან ფიქსირდება. არამეელები ხურიტებთან ქამიტური ტომების შერევის შედეგად ჩამოყალიბდნენ და შემდეგ სირია-მესოპოტამიაში დამკვიდრდნენ.

არამი - გაქამიტებულ, ძირძველ ენადაკარგულ იბერიელ-კავკასიელ ხურუტთა სახელია. სხვათაშორის, ძვ. წთ. VI საუკუნიდან არამეული ენა ერთ-ერთ საერთაშორისო ენად იქცა. აქემენიდები საგარეო ურთიერთობებში ელამურისა და სპარსულის ნაცვლად არამეულს იყენებდნენ. ებრაელებმა ივრითი არამეულით ჩაანაცვლეს. საქართველოშიც, ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში არამეული ძლიერ გავრცელებული ენა იყო, რაზეც მეტყველებს "არმაზის ბილინგვა".

თავდაპირველად სემის ძე არამს არავითარი კავშირი არ ჰქონდა "წყეული ქანაანის" მონათესავე ე. წ. არამეული ენის მატარებელ ქამიტებთან. არამეელები ძვ. წთ. XIV საუკუნეში სირიაში მოსული ერთ-ერთი ქამიტური ტომის ენაზე გადასული იბერიელი ხურიტები არიან.

6. მეშექი - მესხი - ეს მოდგმა თანამედროვე ქართველთა, იგივე იბერიელთა ძირითადი ბირთვია. მათი ძირძველი განსახლებისა თუ მოძრაობის არეალი ემთხვევა მესოპოტამია-მცირე აზია-კავკასიის ფარგლებს.

მეშექი - მუშქი - მუშქენ - მოსოხი - მესხი - მასხი _ მუსკი იდენტური ტერმინებია. მუშქენუმ - ასე ეწოდებოდა ამორევულ ბაბილონში ტაძრეულ-ქურუმულ ფენას, რომელიც თარგმანში "პირქვე დამხობილს" ნიშნავს. ეს, ერთის მხრივ მუშქენუმების მღვდელმსახურებაზე მიანიშნებს და, მეორე მხრივ, იმ ისტორიულ ფაქტსაც ასახავს, რომ უძველესი ცივილიზაციის აკვანი შუმერული მესოპოტამია პირქვე დაამხო, დაიმორჩილა ამორეველმა ხამურაბმა. როგორც ხამურაბის კანონებიდან ირკვევა, მუშქენუმები სოციალურ-ეკონომიკურად შევიწროებულნი იყვნენ.

ძვ. წთ. XII საუკუნეში მუშქები ჩრდილოეთ მესოპოტამიაში უკვე ქამიტიზირებულ ასურელებს ებრძოდნენ.

მუშქები არ აირივნენ ხეთებსა და ასურელებში. იოსებ ფლავიუსისა (I ს.) და ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე პორფიროგენეტის (X ს.) ცნობების თანახმად, მუშქების (მესხების) შთამომავალნი იყვნენ კაბადოკიელნი.

კაბადოკიელნი კი არიან: წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, წმიდა ბასილი დიდი, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმიდა გრიგოლ ნოსელი.

ძვ. წთ. 676 წელს მუშქები კიმერიელებთან და ურარტუელებთან ბრძოლაში დამარცხდნენ.

ძვ. წთ. VI საუკუნეში მუშქების გენეტიკურად ყველაზე შეურყვნელად გადარჩენილი, არაასიმილირებული ნაწილი ებრაელებთან ერთად საქართველოში მოვიდა. დააარსა ქალაქი მცხეთა, რომლის ცენტრალური უბანიც ებრაელებს დაუთმო და საუკუნოდ დამკვიდრდა ამ მიწაზე.

ებრაელებმა სწორედ მცხეთაში მოიტანეს წმ. ელია წინასწარმეტყველის ხალენი. მათი და მუშქების ერთად მოსვლა სრულიად ბუნებრივი იყო. აკი, როგორც მიხაკო წერთელი წერს: "ქართული ანუ მუშქური ენა, მეგრულ-სვანურთან ერთად, შუმერული (ძვ. ქალდეური), აბრაამის წინაპართა ენის გენეტიკური ნათესავია, წარმომდგარი ერთი ფუძე ენიდან.

ეპიფანე კვიპროსელის, წმიდა ექვთიმე მთაწმინდელის, წმიდა კირიონ მღვდელმოწამის საძაგლიშვილის (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში) თანახმად, ქართველები ებრაელებთან ერთად სემის ჭეშმარიტი შთამომავალნი არიან. მათივე მტკიცებით, სემიტური ტომებია: მეგრელიც, აფხაზიც და ჰერიც.

7. ებერი - "რომლისაგან ებრაელნი" - წერს წმიდა ექვთიმე მთაწმინდელი. ებერის მოდგმად მიაჩნია ქართველები წმიდა კირიონ მღვდელმოწამეს. მართლაც, ტერმინ "ებერს" აშკარად ენათესავება რამდენიმე სახელი: "ხურიტული ევრი", "ებრაელი", "იბერი" და "ივერი". იბერებში იგულისხმება, რო¬გორც ქართველები, ისე ხმელთაშუაზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობა: პორტუგალიელთა, ესპანელთა, ფრანგთა, კორსიკელთა, ბასკთა, კატალონიელთა, დიდი ბრიტანეთის მცხოვრებთა წინაპარი აბორიგენი ტომები.

დასავლეთ იბერები პირინეისა და საფრანგეთის ტერიტო¬რიაზე ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულიდან ცხოვრობდნენ, ხოლო III ათასწლეულში ბრიტანეთში გადასახლდნენ. წმ. ექვთიმე მთაწმინდელი დასავლეთ იბერებს ანუ, როგორც ის უწოდებს, "დასავლეთ ქართველებს", განსხვავებით ქართველებისაგან იაფეტიტებში ათავსებს. აკი X საუკუნეში "ევროპელ იბერიელებს" უკვე განცდილი ჰქონდათ ინდოევროპეიზაცია, მაგრამ მაინც არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც დასავლეთის, იაფეტის ძე და აღმოსავლეთის, სემის ძე იბერების ნათესაობას ამჟღავნებს:

7.1. ბასკური ენა

7.2. თანამედროვე იტალიურ, ბერძნულ, ესპანურ, პორტუგალიურ, ირლანდიურ ენებში შემორჩენილი ქართველურის იდენტური სიტყვათა ფუძეები, რომელთა რაოდენობაც, პროფესორ რისმაგ გორდეზიანის გამოკვლევათა თანახმად, 5000-მდეა.

7.3. ისტორიულად დაფიქსირებული და ზოგგან დღემდე შემორჩენილი იბერიულ-კავკასიურის მსგავსი "გვაროვნული სისტემა", რაც სრულიად უცხოა, როგორც ინდო-ევროპელთათვის, ისე მსოფლიოს სხვა მოდგმებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ ეს გვაროვნული სისტემა, რომელზეც ვრცლად ქვემოთ გვექნება საუბარი, საფუძვლად დაედო სახალხო კრებების მოწვევის, ჩატარებისა და ხმის მიცემის წესებს, როგორც ძველ საქართველოში, ისე საბერძნეთში, რომში, პირინეისა და ძველ ბრიტანეთში. მეტიც, ევროპული პარლამენტარიზმი სწორედ იბერიული გვაროვნული სისტემის საფუძველზე აღმოცენდა. მაგალითად, თუკი ინდო-ევროპელი ჰიტლერი პარლამენტარიზმს განიხილავდა, როგორც კოლექტიური პასუხისმგებლობის მატარებელ სრულიად უპასუხისმგებლო ინსტიტუტს, რომელსაც ინდო-ევროპელი არიელების ისტორიაში უმნიშვნელო როლი ჰქონდა ნათამაშები; თუკი სლავური "ვეჩე" ძლიერად ღრიალის პრინციპს ეფუძნებოდა (ანუ რა მოსაზრებასაც, საკითხსაც მხარს დაუჭერდა ძლიერი ხმის იოგების მქონე სლავი, ის ითვლებოდა ჭეშმარიტად...);

იბერიულ-კავკასიური სახალხო კრების მოწვევისა თუ მუშაობის პრინციპი თითოეულ გვარისაგან, ოჯახისაგან თითო ხმის უფლებაზე იყო აგებული და ყველა საჭირბოროტო საკითხიც დიდი, ღრმა ანალიზისა და გარჩევის შემდეგ სწორედ ხმის მიცემით წყდებოდა:

ესპანეთში - კორტესს, ბრიტანეთში - პარლამენტს, შოტლანდიაში - კლანების კრებას და საქართველოში სახალხო საბჭოსა თუ სამეფო დარბაზს ყოველთვის უდიდესი ისტორიული მისია ეკისრებოდა.

7.4. ესპანურ, პორტუგალიურ, ბასკურ თუ ბერძნულ გვართა დაბოლოებანი იდენტურია იბერიულ-კავკასიურისა. მაგალითად., "ში", "სი", "დი", "ძი", "თი", "ელი", "ია", "კოჩია", "იანი", "ანი", "ონი"...

ერთი სიტყვით, იბერიელთა მოდგმას, სემის შთამომავალ ებრაელებისა და ქართველების გარდა, ინდო-ევროპეიზირებულ-იაფეტიზირებულ ბერძნების, იტალიელების, ესპანელების, პორტუგალიელების, კატალონიელების, ბრეტონელების, ინგლისელების, ირლანდიელებისა და შოტლანდიელების ეთნოგენეზშიც აქვთ მიღებული მონაწილეობა.

8. ქალები (ხალები) - ხალიბებს ძველი ბერძნები რკინის მეტალურგიის მამამთავარ - ლაზებს იგივე ხალდებს უწოდებდნენ.

9. ხური - მათზე, ზემოთ, ასურელებთან ერთად ვისაუბრეთ.

10. მეშაყი - ბუნებრივად იწვევს მეშექის ასოციაციას.

11. ხარანი - როგორც აღვნიშნეთ, ეს ის ხურიტული ქალაქია, სადაც ამორეველთაგან შევიწროებული აბრაამის ოჯახი გადასახლდა. სხვათაშორის, როგორც ჩანს, ხარანში, ხურიტებთან ერთად, მუშქი-მესხებიც ბინადრობდნენ.

12. ური - უძველესი შუმერული ქალაქი ური სპარსეთის ყურის ნაპირებთან ძვ. წთ. IV ათასწლეულში დააარსეს ჩრდილო მესოპოტამიიდან მოსულმა შუმერებმა. ურის მთავარი ღვთაება იყო ნანნა - აქადურად სინი (მთვარის ღვთაება), რომლის სახელიც ეწოდება თანამედროვე სინის ნახევარკუნძულს, ანუ იმ მიწას, სადაც მოსეს 10 მცნება ეუწყა; სადაც მდებარეობს დავით აღმაშენებლის მიერ აგებული წმინდა ეკატერინეს ლავა; სადაც ინახება სახარება ,,ორთავი'', რომელიც სრულდება იოანე ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაით."

ძვ. წთ. 2132-2024 წლებში ური გაერთიანებული შუმერის დედაქალაქი იყო. ძვ. წთ. 2024 წელს იგი ელამელებმა დააქციეს. ძვ. წთ. I ათასწლეულის დასაწყისში აქ შეაღწიეს ქამიტმა ამორეველებმა. შუამდინარეთში ამორეველთა გაბატონებისას, ხამურაბის ეპოქაში (ძვ. წთ. 1792-1750 წწ.) აბრაამის ოჯახმა, რომლისთვისაც ური ძირძველ სამშობლოს წარმოადგენდა, დასტოვა ქალაქი და ხურიტულ ხარანს მიაშურა.

ურის ენა შუმერული ენაა. ურიდან მომდინარეობს ებრაელთა ზედსახელი - ურია. ურის ქვეყანას "ბიბლია" ქალდეას უწოდებს, რომელიც, ისევე როგორც შუმერი, უშუალო კავშირშია იბერიულ-კავკასიურ სამყაროსთან. თავად ტერმინი "ური" ერთ-ერთი საფუძველია იბერიულ-კავკასიურენოვანი ურ-არ-თუ-სი; ურელებს - ურაცებს უწოდებენ დღემდე სომხები ქართველებს - "ურაც" ("ვრაც"); საქართველოში არსებობს კუთხე გ-ურია, ასევე, ისტორიული სოფელები: ური, ურ-ეკი, ურ-ბნისი და ა. შ. საქართველომ შემოინახა ძირძველი გვარები, რომლებიც მთავრდება ური-ზე, მაგალითად, წიკლა-ური, ბექა-ური და ა. შ. ქართულ ენაში წარმოშობის აღმნიშვნელი სიტყვების ფუძეც ასევე "ური"-ა. მაგალითად, "სადა-ური", "იქა-ური", "აქა-ური".

"ბიბლიის" გენეალოგიურ ტაბულაში დაფიქსირებული სემის ძეთა შორის მოხსენიებული თორმეტივე მოდგმის სახელი უშუალო, გენეტიკურ კავშირშია იბერიულ-კავკასიურ სამყაროსთან. მეტიც, ელამის, ასურის, არფაქშადის, ლუდის, არამის, მეშექის, ებერის, ქალების, ხურის, მეშაყის, ხარანისა და ურის სახელთა მატარებელი ტომები, ქალაქები თუ ქვეყნები თავდაპირველად "იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში" შემავალი "მოდგმითა" თუ "ნათესავით" იყო დასახლებული.

როგორც ეპიფანე კვიპროსელი ბრძანებს, ენათა ცვლილება, მოდგმათა გაქრობა და, საერთოდ, ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს, ქამის შთამომავალთა ანგარების, ექსპანსიისა და ძალ-მომრეობის ნაყოფია.

თანამედროვე მეცნიერებაში დამკვიდრებული ტერმინი "სემიტური ენები" - სრულიად არამეცნიერული და "ბიბლიის", წმიდა მამათა სიტყვების შეურაცხმყოფელია, რადგან, როგორც ბიბლია გვაუწყებს, ქანაანელნი და ქანაანური ენა, ამორევული ენა და, შესაბამისად, ქანაანურის დიალექტები - არაბული თუ ივრითი, ისევე, როგორც მისი მონათესავე არამეული, ფინიკიური, აქადური და ეგვიპტური, ქამის ძეთა ქამიტური ენებია. ეს ის ენებია, რომელთა დამამკვიდრებელ ქამიტ ქანაანელებსა და ამორეველებს სწყევლის ქანაანურის დიალექტზე - ივრითზე შესრულებული, მაგრამ არაქანაანელ, შუმერთა შთამომავალ ებრაელთა მიერ შექმნილი "ბიბლია".

წარმოშობით ქანაანური, არაბული, ფინიკიური, არამეული, აქადური, ასურული და ივრითი ქამიტური ენებია. რაც შეეხება სემის შთამომავალთა მოდგმას, მათი წინაპრების დედაენა იბერიულ-კავკასიური ენები, ძველი ქალდეური ენები იყო, რომელთაგანაც დღეს სულ რამდენიმეღაა ცოცხლად შემორჩენილი და რომელთაც, ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს, რომ სემიტურ-იბერიულ-ქალდური ანდა უკიდურეს შემთხვევაში, სემიტურ-იბერიულ-ქალდური-კავკასიური ენები ეწოდოს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე იბერიულ-კავკასიურ სამყაროსთან დაკავშირებული მრავალი თემა, მავანთა პოლიტიკანური ინტერესებიდან გამომდინარე, სრულიად კონსერვირებული იყო.

13. გომერი - ძე იაფეტისა, იგივე კიმერიელი.

კიმერიელები ძვ. წთ. VIII საუკუნეში ჩრდილო შავი ზღვისპირეთიდან შემოიჭრნენ მცირე აზიაში. გაანადგურეს კოლხას სამეფო. 676 წელს ურარტუელებთან ერთად დაამარცხეს მუშქები - მესხები. კაბადოკიაში დასახლდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეერივნენ. მათი ენა უცნობია.

14. აშკენაზი - ასე უწოდებდნენ სკვითებს.

სკვითების ოთხი მოდგმა არსებობდა. სკვითები, როგორც ვარაუდობენ, ირანულ, სლავურ, თურქულ და იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შემავალი აბსოლუტურად განსხვავებული წარმოშობის ტომების კრებითი სახელია, რომლებიც ყირიმში, ჩრდილოეთ კავკასიასა და თანამედროვე რუსეთ-უკრაინის სტეპებში ბინადრობდნენ.

15. იავანი - იონიელები.

ძველი ბერძნული ინდო-ევროპული ტომი. იონიურ ენაზეა I- შექმნილი კლასიკური ძველბერძნული ლიტერატურა. იონიელები ისტორიულ ასპარეზზე ძვ. წთ. II- ათასწლეულის მიჯნაზე გამოვიდნენ.

16. ელიშა - ალბათ, ელინები, ბერძნები.

17. თუბალი, იგივე თობელი - იპოლიტე რომაელი მათ თეტალებად, იგივე თესალიელებად მიიჩნევს.

თესალიაში ძვ. წთ. VI-IV ათასწლეულებში პელაზგები - იბერიულ-კავკასიური ტომები სახლობდნენ. გადმოცემით, ისინი მცირე აზიაში განდევნეს ბერძნებმა. ძვ. წთ. XVIII-XII საუკუნეებში თესალიაში არსებობდა აქაველთა სამეფოები. ძვ. წთ. XII საუკუნეში აქ თესალიელები, ერთ-ერთი ინდო-ევროპული ბერძნული ტომი დასახლდა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობა დაიმორჩილა. თესალიელები ინდო-ევროპული ტომია, რომელიც იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხის მიწა-წყალს დაეუფლა.

თუბალებს იოსებ ფლავიუსი ქართველურ სამყაროსთან აკავშირებს, ხოლო ზოგიერთი ძველი ავტორი თობელებში ელინიზირებულ, ინდოევროპეიზირებულ იბერიულ ტომებს გულისხმობდა.

18. მეშექი - ძე იაფეტისა.

ეს მოდგმა იპოლიტე რომაელს ილირიელებად, ანუ გეტულებად მიაჩნდა, ანუ ექსპანსიონისტ ინდო-ევროპელებად, რომელნიც ნაწილობრივ დანათესავებული იყვნენ წინარე იბერიულ ტომებთან.

წმ. ექვთიმე მთაწმინდელი იმ იბერიელ-კავკასიელთა შთამომავლებს, რომლებმაც ოდესღაც ხეთების გავლენა განიცადეს და შემდეგ აქემენიდური ირანის მე-19 სატრაპიაში შედიოდნენ: ტიბარენებს, მაკრონებს და მოსვინიკებს იაფეტის შტოში ათავსებს. როგორც ჩანს, X საუკუნისთვის ეს ტომები უკვე ინდოევროპეიზირებულები იყვნენ.

წმ. ექვთიმე მთაწმინდელი და ეპიფენე კვიპროსელი არმენებსაც (ქვემო სომხებს) იაფეტის შთამომავლებად მიიჩნევენ. იპოლიტე რომაელს, ეპიფანე კვიპრელსა და ექვთიმე მთაწმინდელს იაფეტის მოდგმად მიაჩნიათ თანამედროვე ინდო-ევროპულ ენათა ოჯახში შემავალი ერების დიდი ნაწილი.

ბიბლიური ტაბულისა და ზემოთ ჩამოთვლილი ავტორების მონაცემთა შეჯერებითი საერთო ანალიზი გვიჩვენებს, რომ იაფეტის მოდგმად ის ტომებია მიჩნეული, რომელნიც:

ა) სემიტ იბერიელების შემდეგ გამოვიდნენ ასპარეზზე;

ბ) რომელნიც დღეს ძირითადად ინდო-ევროპულ ენათა ოჯახს წარმოადგენენ და რომელნიც ძველი სემიტურ-იბერიული ცივილიზაციის ნანგრევებზე აღზევდნენ. აკი ბრძანა ნოემ: "წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!

კურთხეულ იყოს უფალი ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!

განუფართოოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!"

19. ქუში - ძე ქამისა.

ქამიტურ ენაზე მოლაპარაკე აფრიკული ტომი.

20. ფილისტიმელები - მოდგმა ქამისა.

ძვ. წთ. XIII-XII საუკუნეებში ილირიიდან კრეტაზე და იქიდან პალესტინაში გადასახლებული "რკინის კულტურის" მფლობელი ტომი, სამხედრო ტირანული ცხოვრების წესისა. ისინი "ზღვის ხალხთაგან" ერთ-ერთნი იყვნენ.

ფილისტიმელებმა ვერ დაიპყრეს ეგვიპტე და პალესტინაში დასახლდნენ; ებრძოდნენ ისრაელს. მათი სახელიდან მოდის ტერმინი - პალესტინა. როგორც ეტყობა, ტომთა ნარევია. მათი ენა გაუშიფრავია. ფილისტიმელი გოლიათი დაამარცხა მეფსალმუნე დავითმა შურდულით. სწორედ ამ ამბავს უძღვნის მეფე დავითი თავის განსაკუთრებულ ფსალმუნს:

"უმცირეს ვიყავ მე ძმათა შორის ჩემთა და უმრწმეს სახლსა შინა მამისა ჩემისასა და ვმწყსიდი საცხოვართა მამისა ჩემისათა. ხელთა ჩემთა ქმნეს საგალობელი, და თითთა ჩემთა განაგეს საქებელი. და ვინ მე მიუთხრას ესე უფალსა ჩემსა? და თავადმან უფალმან შეისმინა. და თავადმან გამოავლინა ანგელოზი მისი და აღმიღო მე ცხოვართაგან მამისა ჩემისათა და მცხო მე ზეთითა ცხებულისა მისისათა. ძმანი ჩემნი იყნვეს კეთილ და დიდ, და არა სთნდეს იგი უფალსა. განვედი მე შემთხუევად უცხო თესლისა მის, და მწყევდა მე კერპთა მიმართ თვისთა; ხოლო მე ვიხადე მახვილი მისი და წარვჰკუეთე თავი მისი და აღვხოცე ყუედრებაი ძეთაგან ისრაელისათა."

ისრაელმა აღკვეთა ფილისტიმ ელთა ძალმომრეობა.

21. სიდონელები - ძენი ქამისა.

22. ამორეველები - ქამიტური მოდგმა.

საკუთარი სახელი მართუ, ამურრუ, ამური. აფრიკიდან შემოსული და შუმერში შეჭრილი ქამიტური ტომი, აღმოსავლეთ ქანაანელები. 2118-2007 წლებში დამკვიდრდნენ შუმერში. შეაღწიეს ქალაქ ურში. ძვ. წთ. XIX საუკუნეში ამორეველთა ბელადმა სუმუაბუმმა აიღო ქალაქი ბაბილონი, სრულიად ამორევულ ქალაქად აქცია და ბაბილონის პირველი დინასტია დააარსა (ძვ. წთ. 1895-1518 წწ..

თავდაპირველად ბაბილონი შუმერული ქალაქი იყო და მას კადინგირა ეწოდებოდა. შუმერები ბაბილონს დიმ გურ გურას ("სამყაროს ღერძს") ეძახდნენ. გურ (ხურ, ქურ) შუმერულად - მთას, ხოლო გურ გურა - მთიანეთს ანუ სამყაროს ნიშნავს.

სახელწოდება ბაბილონი აქადური ანუ ქამიტურია და ნიშნავს "ღმერთის კარიბჭეს". სუმუაბუმმა ქალაქის კედლები ააშენა, მაგრამ ჯერჯერობით ბაბილონი სამხრეთ შუამდინა-რეთში უმნიშვნელო როლს თამაშობდა. 1792 წელს ბაბილონში გამეფდა სუმუაბუმმას შთამომავალი ხამურაბი. ის თავდაპირველად ლარსისა და ასურეთის მეფეებს ემორჩილებოდა. ამ პერიოდში შემოიმტკიცა მან ური და ურუქი. ური დასტოვა აბრაამის ოჯახმა. 1760 წელს ესშნუნა დაიმორჩილა და დაამარცხა ელამი. 1759 წელს ლარსა შემოიერთა. 1758 წელს მოსპო მარი, დაიპყრო ასურეთი, დაახლოებით, 1760 წელს შექმნა კანონები. ხამურაბმა გრანდიოზული სასახლეები და თავდაცვითი ზღუდეები ააგო ბაბილონში. ხამურაბის სამეფოში ტაძრეულ ფენას - ქურუმობას მუშქენუმები შეადგენდნენ. ხამურაბი, შუმერული კულტურის საფუძველზე, ცდილობდა თავისი სახელმწიფოს ამაღლება-აღზევებას.

1518 წელს ბაბილონი იბერიულ-კავკასიური მოდგმის სემიტმა კასიტებმა გაანადგურეს. ამორეველები სხვადასხვა ხალხებში აითქვიფნენ.

23. ქანაანი - პალესტინაში, სადაც ძვ. წთ. IV-III ათსწლეულებში სემიტურ-იბერიული ტომები ცხოვრობდნენ, აფრიკიდან მოვიდნენ ქამიტი ქანაანელები. ძვ. წთ. XVI-XV საუკუნეებში ქანაანელებზე ხურიტ-ჰიქსოსი ეგვიპტელები გაბატონდნენ. შემდეგ, ეგვიპტემ და ხეთების სამეფომ გაიყო ქანაანი. XIII-XII საუკუნეებში მიჯნაზე "ზღვის ხალხების" შემოსევის შემდეგ ქანაანელები მხოლოდ ფინიკიელებსა და კართაგენელებს ეწოდებოდათ.

ქანაანურ ენებში შედის ყველა ჩრდილო ქამიტური ენა, მათ შორის თანამედროვე ივრითიცა და არაბულიც.

არამეული ქამი-ტური, ოღონდ ქანაანურისაგან ცალკე მდგომი ენაა.

24. ხეთი - ენა ნესიტური (ინდო-ევროპული).

ხეთები (ნესიტები) პირველ ინდო-ევროპელები იყვნენ, რომლებიც ისტორიულ ასპარეზზე გამოჩნდნენ. მათ დაიკავეს იბერიულ-კავკასიური მოდგმის - ხათების ტერიტორია, მიითვისეს მათი სახელი. ხეთები მოდგმათა, ნათესავთა, ასიმილაციის გზას დაადგნენ. მათი სახელმწიფო ტომთა და კულტურათა თაშესაყარს წარმოადგენდა. ეს იყო ახალი, ბაბილონის მსგავსი გაერთიანება და, შესაბამისად, ცხადია, რომ იმთავითვე დაგმობილი, "დაწყევლილი" იყო ისრაელიანთა მიერ. მეფესა და დედოფალს ხათური ტიტულებით თაბარნა და თავანანათი მოიხსენიებდნენ. დედოფალი ხეთების სამეფოში დიდი გავლენით სარგებლობდა. ისინი ეთნოსად, "სისხლაღრეულ" მოდგმად დაახლოებით ძვ. წთ. XVII საუკუნისთვის ჩამოყალიბდნენ და 1650 წელს შექმნეს სამეფო. სწორედ ამ დროს შევიდნენ იოსები, ძე იაკობისა და ძმანნი მისნი ეგვიპტეში.

თავდაპირველად, ნესიტ-ხეთების დედაქალაქი იყო ქუსარა. ხათუსილი I-მა დედაქალაქი ხათუსაში გადაიტანა. ხათუსირი, მურსილიმ, ხანთილიმ და თელაფინათუმ დაიპყრეს ჩრდილოეთ სირიის დიდი ნაწილი. 1595 წელს მურსილიმ დაანგრია ბაბილონი. შემდეგ, ხეთებმა ხურიტებს შეუტიეს... 1500-1450 წლებში ხეთების სამეფო დასუსტდა, მაგრამ შემდეგ კვლავ მომძლავრდა. სუფილულიუმ I-მა დაამხო მითანის ძლიერება. ხეთებმა კვლავაც შეუტიეს ჩრდილოეთ სირიას. ებრძოდნენ ეგვიპტეს. ხეთებს განუწყვეტელი ომები ჰქონდათ იმ დროს მცირე აზიაში მცხოვრებ, აფხაზ-ადიღეელთა წინაპარ სემიტ-იბერიელ ქაშქებთან.

ხეთების ცხოვრების წესი ძირითადად ძალადობასა და ომზე იყო აგებული. დაახლოებით, 1200 წელს ხეთების სამეფო გაანადგურეს "ზღვის ხალხებმა".

გარდა ჩამოთვლილი ტომებისა, მეფსალმუნე დავითი და წმიდა ექვთიმე მთაწმინდელი ქამიტებად მიიჩნევდნენ ეგვიპტელებს, ლიბიელებს, ეთიოპელებს, მაკედონელებს, პამფილიელებს, ავღანელებს, ნუმიდიელებს, ზანგებს, ანუ იმ ტომებს, ეგვიპტელებისა და მაკედონელების გარდა, რომელთაც მსოფლიო ისტორიას ძირითადად აგრესიული, დამანგრეველი ომებით დაამახსოვრეს თავი.

რაც შეეხება ეგვიპტელებს, იქ, როგორც აღვნიშნეთ, პირამიდათ ამშენებელნი ბრინჯაოს კულტურის შემტანი, მცირე აზიურ-ხურიტული ფენომენი დომინირებდა. სწორედ ისინი იყვნენ კულტურის შემქმნელი და მამოძრავებელი ძირითადი ძალა.

მაკედონიაში კი წარმმართველი ბერძნული ფენომენი იყო. ისე, ერთიცაა, თითქმის ყველა ავტორი ბერძნული ტომების უმეტეს ნაწილს იაფეტის მოდგმაში მოიაზრებს. გამონაკლისია ლაკონია - სპარტა, რომელსაც ალექსანდრე მაკედონელი არაბერძენს უწოდებდა, წმიდა ექვთიმე მთაწმინდელი კი სემიტად მიიჩნევს...

დღევანდელ მსოფლიოში 4000-მდე ერი და ეთნოსია. "ბიბლიის," იპოლიტეს, ეპიფანესა თუ წმიდა ექვთიმეს ნუსხების თანახმად კი, მოდგმათა რაოდენობა 200-ს არ აღემატება. ჩვენს მიერ განხილული ბიბლიური ტაბულით კი, დაახლოებით, 30-მდე ნათესავის სახელი ფიქსირდება, მათ შორის 12 სემიტურია და თორმეტივე წარმოშობით იბერიულ-კავკასიურ-ქალდურ ოჯახს ენათესავება.

რაც შეეხება იაფეტის შტოს: გომერის წარმოშობა გაურკვეველია, აშკენაზში ისტორიულად რამდენიმე მოდგმის ხალხი იგულისხმებოდა.

იაფეტის ძე თუბალისა და მეშექის წარმოშობის თუ ეთნიკური კუთვნილების თაობაზე წმიდა ექვთიმე მთაწმინდელი სდუმს, ხოლო იპოლიტე რომაელს ისინი ინდო-ევროპელ თესალიელებად და ირილიელებად მიაჩნია.

ზოგიერთი ავტორი კი იაფეტის ძე მეშექსა და თუბალს ინდო-ევროპეიზირებულ იბერიულ-კავკასიურ ტომებად თვლის.

იავანი და ელიშა ინდო-ევროპული ბერძნული ტომებია, ანუ ბიბლიურ ტაბულაში მოტანილი ექვსი იაფეტური ტომიდან ორი ინდოევროპულია, სამის წარმოშობა დაუდგენელია, ხოლო ერთი ნარევია, თუმცა, ექვსივე მათგანს რაღაც ძაფები აკავშირებს იბერიულ-კავკასიურ სამყაროსთან.

ქამის შთამომავალთაგან ქუში, სიდონელი, ამორეველი და ქანაანელი ძვ. წთ. III ათასწლეულის შუა ნახევარში აფრიკიდან მოსულ ქამიტურ ტომებს ეკუთვნიან, როგორც ენით, ისე გენეტიკურადაც.

ხეთები, ნესიტები - ინდო-ევროპელები არიან, რომელნიც მრავალ მოდგმას შეერივნენ, როგორც სემიტურ-იბერიულს, ისე ქამიტურს. ფილისტიმელთა წარმომავლობა გაურკვეველია.

ამ შემთხვევაში განხილული ექვსი მოდგმიდან ერთის წარმოშობა უცნობია, ერთი ინდო-ევროპულენოვანია, ხოლო ოთხი - ქამიტურენოვანი. წმიდა ექვთიმე მთაწმინდელი და "ბიბლიის" ავტორები არც ერთ "იბერიულ-კავკასიურ" ტომს არ ათავსებენ ქამიტთა შორის. "ინდო-ევროპელები" მოთავსებული ჰყავთ, როგორც იაფეტის შტოში, ისე ქამისაში. "ქამიტები" მხოლოდ ქამის მოდგმაში გვხვდებიან. ის ფაქტი, რომ "ბიბლიის" ებრაული - ივრითი ქამიტურ-ქანაანური ენაა, მეტყველებს იმაზე, რომ აბრაამისა და ებრაელთა წინაპრების ენა სრულიად სხვაგვარი იყო. ქალაქ ურში, რომელიც აბრაამის წინაპართა სამშობლოს წარმოადგენდა, ქამიტური ამორევულის გარდა, მხოლოდ და მხოლოდ შუმერულად მეტყველებდნენ. აბრაამის დედაენა შუმერულია.

საინტერესოა ერთი ნიუანსიც: სემიტურ-იბერიულ-კავკასიურ ტომთა თუ ქალაქთა სახელთაგან ექვსი უშუალოდ ებერის მოდგმაში ფიქსირდება. ამათან, მუშქი-ქართველები, იბერი-ქართველები, ხური-ურარტუელი-ვეინახები და ლუდი-ლაზები დღესაც იმ ენაზე მეტყველებენ, რომელზეც უბნობდნენ 30 საუკუნის წინათ და უფრო უადრეს.

გენეალოგიურ ტაბულათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ ნოედან აბრაამამდე და, ნაწილობრივ აბრაამის შემდგომაც (მათეს სახარებაში მოტანილი ნუსხის გარდა) ბიბლიური ნუსხების ქრონოლოგია და თანმიმდევრობა პირობითია და მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებს, თუ რომელი "ნათესავი" და "მოდგმა", როგორც სულიერად, ისე გენეტიკურად, რომელ შტოს ეკუთვნოდა. ანდა რომელი ეთნარქიდან რომელი მოდგმა "გამოდიოდა".

ტაბულათა ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღეს შემორჩენილ ხალხთა შორის სემისა და ებერის ჭეშმარიტი შთამომავალნი არიან: სეფარდი ებრაელები, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შემავალი ხალხები და დღეს გაინდოევროპელებულ ევროპელთა თუ აზიელთა შორის განკარგული ძველი სემიტურ-იბერიული გენეტიკის, ფესვის მატარებელი რჩეული ინდივიდუმები.

"ბიბლიის," და ექვთიმე მთაწმინდელის ტაბულების ანალიზის, არექოლოგიურ და წერილობით მონაცემთა საფუძველზე ძველი სემიტურ-იბერიულ-კავკასიურ-ქალდური მოდგმის ხალხები შემდეგნაირად ჯგუფდებიან:

1. ელამელები, კასიტები, გუთიები და ლულბელები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს თანამედროვე სპარსელთა და აზერბაიჯანელთა ეთნოგენეზში.
2. დასავლეთის იბერები, პელაზგები, ეტრუსკები, შარდინები, ლიბურები, სიკანები, პიკტები, რომელთაც განიცადეს ინდოევროპეიზაცია, იაფეტიზაცია და მონაწილეობდნენ თანამედროვე ბერძნების, იტალიელების, ესპანელების, კატალონი-ელების, კორსიკელების, სარდინიელების, ბასკების, სამხრეთ-დასავლეთ ფრანგების, ბრეტონელების, ვალიელების, შოტლან-დიელებისა და ირლანდიელების ეთნოგენეზში.
3. ქაშქები, რომელნიც ებრძოდნენ ნესიტ-ხეთებს და რომლებიც, როგორც ჩანს, აფხაზურ-ადიღეური მოდგმის ხალხის წინაპრები არიან.
4. ყირიმელი იბერიელ-კავკასიელები, რომელთაც გარკვეული როლი აქვთ ნათამაშები, როგორც სკვითების, ისე აღმოსავლეთის სლავების ისტორიაში.
5. ხურიტები, ჰიქსოსები, ურარტუელები, რომელთა შთამომავალნიც არიან თანამედროვე ვეინახები (ჩეჩნები, ინგუშები და წოვა თუშები) და რომელთაც უმჭიდროვესი კავშირი ჰქონდათ ქალდეურ, ქართულ, ებრაულ, შუმერულ სამყაროსთან.
6. ქალდეველები.

როგორც ვთქვით, ექვთიმე მთაწმინდელი ქალდეველებად მიიჩნევს არფაქშადის შთამომავლებს. ქალდეას სახელით ცნობილნი იყვნენ შუმერები, ლაზები და ურსა და ლაზებს შორის ზუსტად გეოგრაფიულ შუა ხაზზე მოქცეული ძველი ასურისა თუ ხარანის მკვიდრნი. სწორედ ამ ხაზზე მოძრაობდნენ მუშქი-მესხებიც.

ძველი შუმერის ბიბლიური სახელწოდება არის ქალდეა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიხაკო წერეთელი შუმერულსა და ქართველურ ენებს სხვებთან შედარებით გენეტიკურად ყველაზე ახლოს მდგომ ენებად მიიჩნევს. ანუ ის ამბობს, რომ ხურიტულზე, ბასკურზე, ელამურსა თუ აფხაზურზე გაცილებით ახლოს მყოფი, ერთი ფუძე-ენიდან წარმოშობილი ენებია მეგრულ-ქართული და შუმერული.

როგორც ვთქვით, აბრაამისა და, შესაბამისად, ებრაელთა წინაპრები, შუმერები იყვნენ. აბრაამი ძვ. წთ. XVIII საუკუნეში ქალდეურ ხარანში გადასახლდა. ძვ. წთ. VI საუკუნეში ისრაელი ქალდეურ საქართველოში მოვიდა. როგორც ჩანს, ებრაელთა წინაპარ შუმერთა, ქართველთა წინაპარ მუშქ-ლაზთა და ეგებ ხურიტთა საერთო სახელი, მათი საერთო წინაპრის სახელი სწორედ ქალდი იყო. საინტერესოა ისიც, რომ ველზე, ზღვის პირას მცხოვრები შუმერები სამყაროს ქურქურას ანუ მთიანეთს ეძახდნენ. ქურ, როგორც აღვნიშნეთ, შუმერულად მთას, გორას ნიშნავს. ქურ - გურ - გორ ძირების ეტიმოლოგიური მსგავსება მეტისმეტად თვალნათელია. ე. ი. შუმერთათვის, ისევე როგორც ქართველთათვის, მთა, გორა და იქ ბინადრობა უმაღლეს ღირებულებად ითვლებოდა. ქართველები დღემდე ბარბაროსებს ველურს ანუ ველზე მცხოვრებს უწოდებენ.

შუმერები სამხრეთ მესოპოტამიაში ჩრდილოეთიდან გადასახლდნენ, ანუ იმ მთიანეთიდან, სადაც ქართველთა წინაპრები ბინადრობდნენ. რაც შეეხება თავად ტერმინს "ქალდი" - ის საოცრად წააგავს "ქართის" - "ლ"-სა და "რ"-ს, ისევე, როგორც "დ"-სა და "თ"-ს ურთიერთჩანაცვლება საყოველთაოდ ცნობილი ლინგვისტური მოვლენაა.

რაც შეეხება ტერმინებს: "იბერი", "ებერი", "ივერია", "ევრი", "ებრაელი", "ივრითი" - ისტორიულ წყაროებში ეს ტერმინი ყველაზე ადრე ხურიტებში ფიქსირდება, შემდეგი ფორმით: "ევრი", რაც მამასახლისს ანუ გვარის, როგორც საერო, ისე სასულიერო მეთაურს აღნიშნავდა. აქედან გამომდინარე, რამდენიმე საკითხი იკვეთება:

1. სემიტურ-იბერიულ-კავკასიურ-ქალდური მოდგმის ტომებისათვის, რომელნიც დანარჩენი კაცობრიობისაგან, სხვა ნიშნებთან ერთად, გვაროვნული სისტემითაც გამოირჩეოდნენ, უცხო ტომთა წარმომადგენელებს მათთვის გვარის მეთაურის აღმნიშვნელი წოდება (ევრი) რომ შეერქმია ტომობრივ სახელად, სრულიად ბუნებრივი იქნებოდა.

მაგალითად, ისევე როგორც თურქების ერთ მოდგმას სელჩუკები, მეორეს - ოსმალები თუ ოტომანები, ხოლო მესამეს - სახაკანოელები (ხაკანატი) შეარქვეს. ისევე, როგორც ესპანელების ერთ ტომს კასტილიელები ეწოდება და ა. შ. - ტომისთვის სხვათაგან გამომრჩეველი ნიშანი ხშირად ქცეულა ტომობრივ სახელად.

2. ევრი - ივრი ებრაელებს პირველად იოსების დროს, ეგვიპტეში უწოდეს. ამ პერიოდში ეგვიპტეში ბატონობდნენ სემიტურ-იბერიულ-ქალდური მოდგმის ტომები - ჰიქსოსები.

იოსებისა და მის ძმათა შთამომავლები გვარებად ცხოვრობდნენ. ერთი პერიოდი, იოსები და მისი მოდგმა არა თუ თავისი გვარების, არამედ მთელი ეგვიპტის მამასახლისიც ანუ ევრი იყო. როდესაც დაეცა ეგვიპტეში ჰიქსოსთა ხელმწიფება და კვლავ ქამიტი ეგვიპტელები გაბატონდნენ, რომელთათვისაც უცხო იყო ისრაელი და, შესაბამისად, იაკობის მოდგმაც, "ევრთა" "ნათესავი" ტყვეობაში, მონობასა და მორჩილებაში ჩავარდა. ამიერიდან "ევრი" დამორჩილებულის, დამხობილის სინონიმად იქცა. ზუსტად იგივე დატვირთვას ატარებდა ამორეველი ხამურაბის მიერ დამორჩილებულ შუმერში ტერმინი - "მუშქენუმ". ხურიტულ "ევრის" ამორევული "მუქში" - "მუშქენუმ" შეესაბამება. ევრი და მუშქი გარკვეულწილად სინონიმებია.

გვარებად ერთი მოდგმის დანაწილების კულტურა არ ახასიათებს არც ერთ ბაბილონის გოდოლის შემდეგ ერთიან კაცობრიობას გამოყოფილ ნათესავსა თუ მოდგმას. ამა თუ იმ ერში გვაროვნული სისტემის არსებობა რამდენიმე საკითხზე მეტყველებს:

1. საზოგადოების არა დაშლის და არა უნიფიცირების, არამედ ოპტიმალური გაინდივიდუალურების, დიფერენციაციისაკენ მიდრეკილების ერთობ მაღალ ხარისხზე.
2. სწორედ ამგვარი სისტემის გენეტიკურად მიმდევარ ერთა თუ მოდგმათა წინაპრები შეიძლება ყოფილიყვნენ იმთავითვე მოწინააღმდეგენი სამყაროს უნიფიცირებისა, "ბაბილონის გოდოლის" შენებისა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ:
1. სემის შთამომავალთაგან დღემდე ყველაზე მეტად მათ აქვთ შენარჩუნებული "ებერიანობა", რომელთაც შეინარჩუნეს გვაროვნული სისტემაცა და მისი აღმნიშვნელი სახელიც - ევრი, ივრი, ივერია, იბერია...
2. სემიტურ-იბერიულ-კავკასიური-ქალდური ოჯახის ჩვენს მიერ ჩამო¬თვლილი ექვსი ჯგუფიდან ერთ-ერთს წარმოადგენს ქალდური, რომლის წევრებიც დღეს არიან ქართველები და ებრაელები, ნაწილობრივ, ვეინახებიც - შთამომავალნი შუმერთა და პროტოქართველთა ანუ უძველეს ქალდთა.

XXI საუკუნეში სემისა და ებერის შთამომავალთაგან ძირძველი ენა და საცხოვრისი - მამული მხოლოდ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შემავალმა ერებმა შეინარჩუნეს.
რაც შეეხება სარწმუნოებას, სემისა და ებერის უშუალო შთამომავალთაგან, მართლმადიდებელი ქრისტიანები მხოლოდ ქართველები, ქართველებში საუკუნოდ შერწყმული, 26 საუკუნის წინ მცხეთაში ჩამოსახლებულ და შემდეგ გაქრისტიანებულ სეფარდ-ებრაელთა შთამომავალნი და მაცხოვრის ხორციელ-ნათესავ ბაგრატიონთა მოდგმის წარმომადგენელნი არიან.